გოდერძი ჩოხელი: დაწერე, სიყვარულზე დაწერე !

0
– სიყვარულზე რატომ არ სწერ, ბალღო, ჰა?! – მეკითხება თანდილა და დაკოჟრებულ ხელისგულს ისვამს ჭაღარა წვერზე.
– რასაც კი ვწერ, განა ყველაფერს სიყვარულზე არა ვწერ?!
– მე ქალისა და ვაჟის სიყვარულზე გეუბნები.
– რომ არავინ მიყვარს?
– რა?!
– ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარს, კონკრეტულად ჯერ არავინ მყვარებია გამორჩევით.
– ეეხ, შენ დროთაი რომ ვიყავ!
– გიყვარდა ვინმე, პაპა თანდილა?
– უმამიძმო ქალი იყო, ობლობით ამოიზარდა, მარიამი ერქვა. მაშინ ჩირდილის მთაში ისეთი ლამაზი გვირილები იზრდებოდა, რამდენჯერ მიფიქრია, მოვკრეფ და მარიამს მივართმევ-მეთქი, მაგრამ არასოდეს ერთი ძირიც კი არ მომიწყვეტია.
– რად არ მოსწყვიტე?
– საძრახისად ითვლებოდა მაშინ ქალისთვის ყვავილის მირთმევა.
– ეხლა აღარ იზრდება ის გვირილები?
– არა, დიდი ხანია ვეძებ, მაგრამ აღარ იზრდება.
– იმასაც უყვარდი, პაპა თანდილა?
– თავიდან არა.
– მერე?
– მერე ვინღა არ მივუგზავენ ხელის სათხოვნელად, ახლოს არ გამიკარა.
– სხვაზე გათხოვდა?
– სალაღოს საწველავი ფერმიდან მოვიტაცეთ მე და მახარამ ღამე, ქაჯენთ ზემოთ რო ეხია, იქ მივიყვანეთ.
– რატომ სახლში არ წამოიყვანე?
– ქალი უარზე იყო და მდევრისა შემეშინდა. თან ტანსაცმელიც არ ჰქონდა, პერანგიანი წამოვიყვანეთ და ისიც სულ გზაზე შემოეხია. მახარა სოფელში წამოვიდა, რომ ჩემი დისთვის შეეტყობინებინა და ტანსაცმელი წამოეღო. ის შიგნით ეხში იყო, მე შესასვლელში წამოვწექი, რომ არ გამომქცეოდა. ისე ანათებდა, იფიქრებდი, მთვარე ზის ეხში და ის ანათებსო. ვერაფრით გავბედე ახლოს მისვლა. თვალები დავხუჭე, რომ წარმომედგინა, როგორ მივახლოვებოდი. ოცნებამ შორს გამიტაცა და ჩამეძინა. მეორე დილით ჩემი დის ტირილმა გამომაღვიძა:
– გაიღვიძე, მოგიკვდეს და აგრიადარაა! – შემომტირა ეხში ჩემაა დამ. უცებ წამოვხტი, მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ის იქ არ იყო, ისევ მივწექი და თვალები დავხუჭე. მინდოდა სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ ახლა გულს ჰკითხე, რა სიზმარი, რომელი ძილი, ერთი კვირა თვალი აღარ მომიხუჭავს, მერეც სულ ვკრთებოდი ძილში. ჰო, დამბაჩა მქონდა, პირველად რომ ჩამეძინა. ის დამბაჩა აეცალნა ჩემთვის. თუ გამეღვიძებოდა, რომ არ მესროლა მისთვის. გამოეტანა და იქვე ეხის ახლოს დაედო ქვაზე.
ერთი თვე ისე ვიყავი, საკუთარი თავი მეჯავრებოდა.
– მერე?
– ერთი თვის თავზე თვითონ მოვიდა და მითხრა.
– რა?
– მიყვარხარ, რომ გამოგექეცი, იმის მერე შემიყვარდიო.
მე კინაღამ გავგიჟდი, ირგვლივ რაც იყო, ყველაფერი ჩემი მეგონა. ჩემმა მშობლებმა დიდი ქორწილი გადაგვიხადეს, მაგრამ რა, ერთი თვეც არ ვიყავი მასთან.
– რატომ?
– ციხეში ჩამსვეს.
– ციხეში?
– ჰო, მაშინ ისეთი დრო იყო, მოვიდოდნენ და წაგიყვანდნენ. ეგრე წაყვანილი იშვიათად თუ ვინმეღა ბრუნდებოდა სახლში…
აქ ცოტა ხანს ჩუმად იჯდა თანდილა, მერე ისევ ჩამოისვა ჭაღარა წვერზე დაკოჟრილი ხელი და ნაღველი მოეძალა ხმაში:
– ციხეში გავიგე, რომ სხვაზე გათხოვდა. ვიღაც ბარელს გაჰყოლია ბარში. გულის მოსაოხებლად ეს ლექსი დავწერე მაშინ:
“ქარიშხალს აუბნევია
არწივის ბუდე მთაზედა,
არაგვზე ჩამოფრენილა,
სეტყვას დაუკრავს ფრთაზედა.
ყორნებს უნახავთ ნადავლი,
გაუტანიათ განზედა,
ის არ იციან ოხრებმა,
დრო დაუდგებათ ცდაზედა;
განიკურნება არწივი,
არ მოისვენებს ბარზედა,
ისევ მთისაკენ აიფრენს,
თავის ძველ ნაბინარზედა!”
– გაუგზავნე?
– არა, გულის გარდა არცა დამიწერია ეს ლექსი. ვიმეორებდი ხშირად და იმით ვიოხებდი გულს. კიდეც დაილოცა ჩემი სალოცავი, ორი წლის მერე გამომიშვეს ციხიდან.
– აღარ შეგხვედრია?
– შემხვდა, ერთხელ შემხვდა ბუსარჭილის ჭალაზე, ეტყობა, დედის სანახავად იყო და იქედან მოდიოდა. ხოსროკლდის ვიწროებში შევიყარენით. ზემოდან ის მოდის, ქვემოდან – მე. ბალღი ეჭირა ხელში და რომ დამინახა, შეშინებულმა გულზე მიიკრა. ნუ გეშინია, გამოიარე მეთქი, დავუძახე შორიდანვე და წამოვიდა. რომ გამისწორდა, ერთხელ კი შემომხედა და გამცდა.
– არაფერი გითქვამს?
– ვუთხარი, როგორ არ ვუთხარი!
– რა უთხარი?
– ღმერთმა გაგიზარდოს ბალღი-მეთქი.
– მეტი არაფერი?
– მეტი რაღა უნდა მეთქვა. დავდეგ და მიმავალს დავუწყე ყურება. წავიდა და წავიდა! როგორც ეხლა აი ეს არაგვი არ შემობრუნდება აღმა, ისე იმას აღარ შემოუბრუნებია პირი ჩემკენ. ეეხ! – ამოოხვრით დაამთავრა თანდილამ და მომაჩერდა:
– რა გემართება, ბალღო, რას გაშტერებულხარ! – მკითხა, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, ვიჯექი და მინდოდა, მთელი არსებით მყვარებოდა ვინმე. რატომღაც ცხადად წარმოვიდგინე, რომ დიდი ხნის მერე, სადაც ეხლა თანდილა ზის, იქ ვზივარ, ჭაღარა წვერზე დაკოჟრილ ხელს ვისვამ და მეზობლის ბალღს ვუყვები:
– წავიდა და წავიდა!.. როგორც ეხლა აი ეს არაგვი არ შემობრუნდება აღმა, ისე იმას აღარ შემოუბრუნებია პირი ჩემკენ.
სულგანაბული მისმენს მეზობლის ბალღი. მე მას თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი:
– დაწერე, სიყვარულზე დაწერე, ბალღო!
გოდერძი ჩოხელი

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply