გილოცავ! შენ მე გიყვარვარ!

0

როგორც წესი, ყველაფერი ბანალურად ხდება ხოლმე: გაიცანი ბიჭი, მოგეწონა მისი საუბრის მანერა, თურმე კარგი იუმორის გრძნობაც ჰქონია, არ არის უსაქმური, ვიზუალურადაც ნამდვილად კარგად გამოიყურება… ერთი სიტყვით, პირველი შთაბეჭდილებით, შეფასების 10–ქულიანი სისტემით, 9 ქულას “ანიჭებ” (1 ქულას ყოველთვის მოიტოვებ იმის ხაზგასასმელად, რომ იდეალური არავინაა, მათ შორის – არც შენ).

შემდეგ შეხვედრაზე მის თვალებში საკუთარი თავის გამოსახულების დანახვა განსაკუთრებულად გელამაზება, მუცლებში პეპლები თუ არა, გულში რაღაც “ჩუმად” ხმაურობს და ყოველ მის გაღიმებაზე სითბო გეღვრება… მიდიხართ: კინოში, თეატრში, ბარში, ან უბრალოდ ქუჩაში სეირნობთ – გააჩნია, როგორ განწყობაზე ხართ. შემდეგ სახლამდე გაცილებს – ყველაფერი, დაახლოებით, ისეა, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე.

მეორე შეხვედრამაც კარგად ჩაიარა, მესამემაც… სასაუბრო თემები იმდენად მრავალფეროვანი გაქვთ, მოსაწყენად წამითაც კი ვერ იცლით. უკვე ერთმანეთს აკოცეთ კიდეც და შენთვის ჩუმად გაგეღიმა, როგორ ბავშვურად დაიბნა “ამხელა ბიჭი”…

იგრძენი, რომ ეს ურთიერთობა აშკარად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მოწონება.

მორიგ შეხვედრებს უკვე იმაზე უფრო მოუთმენლად ელი, ვიდრე ადრე, მაგრამ…

მორიგ შეხვედრაზე, ჯერ ერთი, ძლივს დაგთანხმდა, არადა, შეხვედრის სავარაუდო დღისთვის, წესით, ორივეს გცალიათ. ამის გამო ცოტა იბნევი.

შეხვედრა “უტყვი” აღმოჩნდა – თითქოს, უხალისოდ გპასუხობს კითხვებზე, დიდად არ ემჩნევა საუბრის გაგრძელების სურვილი, “ხო”–”არა”–თი გპასუხობს, თან მოუსვენრადაა, თითქოს, ერთი სული აქვს, როდის წავა შენგან. ისევ სახლამდე გაცილებს.

და დაიწყო რამდენიმე დღიანი სიჩუმე. ამ სიჩუმემ კვირის სრული შვიდი დღე რომ შეადგინა, თავს ვერ ერევი და ეხმიანები – სად ხარ? რატომ არ ჩანხარ? რამე ხომ არ მოხდა?

პასუხი – “არაფერი, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე”. ან: “ბევრი საქმე მაქვს და ვეღარ გეხმიანები”…

ერთი სიტყვით, სრულიად გაუგებარი სიტყვების რახარუხი – არაფერი კონკრეტული.

გული გწყდება, რომ ასე უაზროდ უნდა დასრულდეს ის, რაც ჯერ არც დაწყებულა…. თუმცა როგორი კარგი დასაწყისი ჰქონდა?!

დგები განზე და გადაწყვეტ, რომ არ ღირს ლოდინად, არ ღირს ნერვების შლად და უმჯობესია, ახლავე ამოიგდო თავიდან, რომ შემდეგში უფრო არ გეტკინოს…

სიჩუმის კიდევ ერთი კვირა, თუმცა ეს უკვე შენი სიჩუმეცაა და ის დროა, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების  გააზრებისა და  გათავისების პროცესში ხარ. გგონია, რომ ისიც სხვა ბიჭებივით ზერელე მიდგომების აღმოჩნდა, “რაღაც სხვა” აინტერესებდა შენგან, რისი მიღებაც ძალიან მალე უნდოდა და რახან ვერ მიიღო–წავიდა, სად მაქვს ამის დევნის თავიო…

არადა, შენ სულაც არ მიგაჩნია საკუთარი თავი “სადევნად”–შენ ხომ არ თამაშობდი, შენ ხომ არც არაფერზე გითქვამს უარი მისთვის, იქამდე არც მისულა არაფერი და… შენ უბრალოდ მასთან გატარებული ყველა წუთისგან იღებდი სიამოვნებას, მისი საუბარი, ღიმილი, მზრუნველობა გსიამოვნებდა და ფიქრობდი, რომ ურთიერთობა ნელნელა თავისით გადავიდოდა სხვა, უფრო სერიოზულ ეტაპზე, მაგრამ…

სამი კვირა და ისევ სიჩუმე. თავზე დაყრილი საქმეები შენი ერთგვარი “მშველელია”–ფიქრის დროს აღარც გიტოვებს.

ერთი თვის თავზე ქუჩაში სეირნობა გადაწყვიტე – თან უქმე დღეა, გარეთ მზე შეყვარებული ადამიანის თვალებივით ანათებს… დადიხარ ქუჩებში, “ნაუშნიკებში” მუსიკებს უსმენ… სახლში მისვლამდე ერთ–ერთ ბარში ჯდები ცოტა ხნით, შენი საყვარელი ჟოლოს ჩაის დასალევად…

უახლოვდები შენს საცხოვრებელ კორპუსს და სადარბაზოსთან “ის” დგას… ჯერ გეჩვენება – უკვე მოსაღამოვდა და გგონია, ვიღაცა მას მიამსგავსე…

მაგრამ არა, ისაა.

დგას ოდნავ თავდახრილი და “ქვემოდან” გიყურებს უსიტყვოდ. შენც უსიტყვოდ აიტუზე მის წინ – აბა, რა უნდა უთხრა? როცა გული ამოვარდნაზე გაქვს…

რამდენიმე წამი ისევ სიჩუმეა, ოღონდ არა ისეთი “ბოროტული”, როგორიც წინა რამდენიმე კვირა – პირიქით, ეს სიჩუმე ზუსტად ისაა, ბევრი სიტყვის თქმას რომ სჯობია ხოლმე და ოქროდ ფასობს…

ახლა შენიშნე, რომ ხელები ზურგს უკან აქვს და ზუსტად იმ მომენტში, როცა ეს შენიშნე – ხელებს წინ სწევს და რაღაც ოთხკუთხედს გაწვდის.

დახედავ და… ეს ზუსტად ის ნახატია, ადრე რომ “მშრალ ხიდზე” ერთად სეირონობდით, მაშინ რომ შენიშნე და მომენტალურად შეგიყვარდა – “ატმის ყვავილები”…

გიწვდის ნახატს, აკვირდება შენს გაოცებულ სახეს და გეუბნება:

– მომენატრე.

და…

– ძალიან დამაკლდი…

უცებ ყველაფერმა მომენტალურად განსაკუთრებულად კაშკაშა ფერი შეიძინა და მიხვდი, რომ ეს შენი ფილმის “ჰეფი ენდია”, სასიამოვნო გაგრძელების აუცილებელი პერსპექტივით.

პ.ს. – შექმენით თქვენი ლამაზი დღეები, თქვენი პერსონალური სიყვარულის პატარ–პატარა ისტორიები და ნუ შეგეშინდებათ – იყავით ბედნიერები!

ავტორი: უცნობია;

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply