გაუფრთხილდით ხოლმე იმათ, ვისაც შეუძლია, უყვარდეთ!

0

ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები – აი, უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს…

არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება. ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით. ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები. ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი. ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა – არ შეგიყვარონ. და ისე ეჩვევი, უკვე ბუნებრივი გეჩვენება. და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ, რომელშიც არ შეგიყვარებენ. წინასწარ რომ იცი, ზუსტად რომ იცი. ფიქრობ, რომ მარტო ამას იმსახურებ და მორჩა…

ებმებიან ერთმანეთს დღეები, როცა სარკეებიც გარბიან შენგან. არ გამოიჩინები. არ დაინახები. დღეები, როცა მარტო საქმიან წერილებს იღებ. როცა ისევ ავად ხდები და ვერავის ეტყვი, რომ გცივა. ავად ხარ. ეს ცალმხრივი ამბები, და ზედ დამატებული ცალმხრივი მეგობრობებიც. ვეღარ ბრაზდები. ის უღონო, ხმაჩაწყვეტილი ტირილიღა რჩება. მარტოობის ტირილი. ვეღარშეძლების ტირილი. თქვენ, ვისი ამბავიც სხვანაირად დაიწერა, თქვენ, ვინც შეგიყვარეს, ვისზეც იდარდეს, ვისზეც იტირეს, იცოდეთ, რომ რაღაც გაქვთ, ვიღაც გყავთ, ვიღაცას ყავხართ. და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. უფრო ნამდვილი. უფრო მოსაფრთხილებელი. გაუფრთხილდით ხოლმე იმათ. ვისაც შეუძლია, უყვარდეთ!
“ლია ლიქოკელი”

სტატიის ავტორი: სოფო ზურაბიანი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply