განვითარების ყველაზე კრიტიკული პერიოდი – მოზარდობის ხანა

0

მოზარდობის ხანა – ერთგვარი ხიდია ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. იგი 10-11-დან 15-16 წლამდე ასაკს მოიცავს და შესაბამისად, უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად იყოფა. (10-11და 14 წლამდე – უმცროსი მოზარდობა, ხოლო 14-დან 16 წლამდე – უფროსი მოზარდობა). გარდამავალ ასაკში ადამიანი შესამჩნევ ცვლილებებს  განიცდის. მოზარდში  უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური ძვრები ხდება. მე ყურადღებას გავამახვილებ  აღნიშნული ასაკისთვის დამახასიათებელ  ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება, ზნეობრივი ცნობიერების ფორმირება და ამ პროცესში მშობლის შეუფასებელი როლი.  ამ თვალსაზრისით, გარდამავალი ასაკი ძალიან ფაქიზი, საპასუხიმგებლო პერიოდია. სწორედ ამ დროს იწყება  მე-ს კონცეფციის, ცნობიერების განვითარება/ჩამოყალიბება. ჩნდება შინაგანი სამყაროსადმი დიდი ინტერესი, საკუთარი განწყობებისა და გრძნობების გაგების სურვილი. ასევე ვითარდება იდეალები, გრძნობები, საზოგადოებრივი მისწრაფებები, სოციალური შეფასებები და ინტერესები, რაც პიროვნების მიმართულებისა და ღირებულებითი ორიენტაციის საფუძველს წარმოადგენს.

მორალური წარმოდგენების ფორმირება, ზნეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება მოზარდობის ასაკის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მახასიათებელია.  ამ პერიოდიდან  მოზარდი თავისი შეხედულებებით, მრწამსით, მორალითა და ინდივიდუალური ღირებულებებით ხელმძღვანელობს. ცდილობს გახდეს მეტად სოციალური, გაითავისოს ნორმები და საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად იქცეს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ეს მცდელობა არასასურველი შედეგით მთავრდება. ამის მიზეზი მოზარდის ჯერ კიდევ ასოციაური თვისებები, ჩამოუყალიბებელი ცნობიერება და იდენტურობის პრობლემაა.  ამ  ყველაფერს კი მოზარდის თვითშეფასებაზე დამანგრეველი ეფექტის მოხდენა შეუძლია. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკის ადამინებს საკუთარი თავის არასწორი, დამახინჯებული აღქმა ახასიათებთ. შესამჩნევია უკიდურესი დამოკიდებულელებიც, რომლებიც დღის განმავლობაშიც კი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს. ზოგჯერ მათ საკუთარი ინდივიდით უკმაყოფილება, თავში ჩაკეტვა, თვითგვემა სჩვევიათ, ან პირიქით – საკუთარი თავის მეტისმეტი განდიდება, ძლიერი ეგოცენტრიზმი და ნარცისიზმიც კი იჩენს თავს. ეს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები, ბუნებრივია, შინაგანი აგრესიის გაღვივებასა და გარშემომყოფებთან კონფლიქტის დაწყების საწინდარია.

იმისთვის, რომ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელმა პრობლემებმა ნაკლებად იჩინონ თავი, აუცილებელია მშობლის მაქსიმალური ჩართულობა შვილის აღზრდის საკითხში. მოზარდისთვის სასიცოხლოდ საჭიროა, რომ მას ჰყავდეს ავტორიტეტი, იდეალი, ვისაც რჩევას დაეკითხება, მიბაძავს და იმავე ღირებულებების მატარებელი გახდება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს რეალობაში მოზარდი იდეალად ხშირად არარსებულს, ან მისი გარემოსთვის შესაბამისს,  სამეგობროს მიერ ატაცებულ „ღირსებებით“ შემკულ თანატოლს ირჩევს. პიროვნების ნორმალურად ჩამოყალიბებისთვის კი სასურველია, რომ მისაბაძად მშობელი იქცეს. ასეთ შემთხვევაში, გოგონებისთვის დედა ხდება ეტალონი, ბიჭებისთვის კი – მამა. თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია და მას როგორც ზოგადი ემოციური ფონი, ასევე მშობელთან მსგავსება-სიხლოვისა და ინტერესების კვეთის ფაქტორი განსაზღვრავს.

აუცილებელია, რომ ამ ასაკის შვილებთან ურთიერთობისას მშობლებმა შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:

1) ხელი შეუწყონ მოზარდი შვილების დამოუკიდებელი აზროვნების უნარს, დაინტერესდნენ მათი მოსაზრებებითა და გაითვალისწინონ ისინი;

2) მოექცნენ თანატოლებივით, ისწავლონ მათი მოსმენა და არ ეცადნონ მათ აღზრდას მაშინ, როცა თვითონ არიან უგუნებოდ;

3) დააინტერესონ მოზარდები შემეცნებითი აქტივობებით, გაუზარდონ მათ სწავლისადმი მოტივაცია;

4) ესაუბრნონ მომავალზე; არ გამოიყენონ მკაცრი ტონი, ხშირად მოიშველიონ საკუთარი მაგალითები.

დღევანდელ რეალობაში დიდ პრობლემასა და დავის საგანს წარმოადგენს მოზარდისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი.  საჭიროა დამოუკიდებლობის ისეთი ფორმების პოვნა, რომლებიც შეესაბამება მოზარდის შესაძლებლობებს, მისდამი წაყენებულ საზოგადოებრივ მოთხოვნებსა და ნორმებს. ის დამოუკიდებლობა კი, რომლის მიღებასაც ხშირად მოზარდი ითხოვს, შეიძლება დამღუპელიც აღმოჩნდეს და დიდი დაღი დაასვას მის მომავალს. თუმცა წვრილმანი, მოსაწყენი ზედამხედველობისგან  გათავისუფლება მისი პიროვნებად განვითარებისთვის გასათვალისწინებელი საკითხია.

სასურველია, მშობელმა იზრუნოს შვილში მაღალი ზნეობრივი ნორმების, იდეალების სწორად ფორმირებისა და სიბრალულის გრძნობის, სინდისის ქენჯნის, თანაგრძნობის, ჰუმანურობისა და სხვა  მორალური ღირებულებების შთაგონებისთვის.

და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობის საზრისი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ნდობა, პატივისცემა და სიყვარული.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

Leave A Reply