გამომყვები… ქმრად?! – 29 თებერვლის ირლანდიური ტრადიცია

0

კაცები გადამალეთ, 29 თებერვალი მოვიდა… ეს ხუმრობით (ნახევრად), მაგრამ მართლაც საინტერესოა, რომ ეს ირლანდიური ტრადიცია ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს. წარმოიდგინე, რომ 4 წელიწადში ერთხელ, სწორედ, 29 თებერვალს, ქალს აქვს უფლება “ხელი სთხოვოს” მამაკაცს და ეს “უკანასკნელი” ვალდებულია დათანხმდეს…

ამ ტრადიციაზე კაცები ბევრს ხუმრობენ, ხოლო ქალებს მოსწონთ. ტრადიციაც, სწორედ მათი მოთხოვნით შეიქმნა (აბა, რასაც მე ვუსმენ, კაცი მისი ნებით არ წავიდოდა ამაზე 🙂 …  ისე, აქ რა მოსატანია და ვინ იცის, ფემინიზმის ფესვების წვრილი ძაფებიც სწორედ ამ ამბავს შეილება უკავშირდებოდეს.

როგორც ჩანს, ტრადიციამ გაამართლა, რადგან ის შოტლანდიაშიც გადაიღეს და მეტიც, 1288 წელს კანონში ცვლილებებიც კი შეუტანიათ, რომელიც ითვალისწინებდა იმ მამაკაცის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც უარს იტყოდა ქალის წინადადებაზე. ამის გაგებისას, წარმოვიდგინე კაცი, რომელიც ბორკილებით შეკრული მოჰყავთ სახრჩობელაზე და ბრალდებას უკითხავენ: “მან გაბედა და თქვა უარი შარლოტასთან ქორწინებაზე… მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა – ჩამოხრჩობა”! იქვე დგანან კაცები, რომლებსაც მოუწიათ დღეს “კი”-ს თქმა და ჩუმად ტირიან, ფიქრობენ, რა უარესია, მათი სიტუაცია, თუ ამ ბრალდებულის?! იქვე დგანან ქალებიც, რომლებიც ამაყად ადევნებენ თვალს აღსრულებას, სახეზე აწერიათ – “მეტის ღირსი ხარ!”… მოკლედ, ჩემს ბავშვურ-სულელურ ფანტაზიას ბოლო არ უჩანს…

ისე, დავაკვირდი, რომ წელს ამ ირლანდიურმს ტრადიციამ ქართველ გოგონებსაც დაუკარგა მოსვენება, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს ტრადიცია მხოლოდ ირლანდიურია… ჩვენ გვაქვს მისი ქართული, კერძოდ გურული ანალოგი, ოღონდ თავისებური (საკმაოდ დიპლომატიური და მცოცავოკუპანტურიც კი :)) ), რომლის ფორმულირებაც, ერთი ანეკდოტიდან ფამომდინარე, დაახლოებით, ასე ჟღერს: “აქანა დავდგამ სტენკას”! “სტენკასაც” დაგიდგამს, თან საამისოდ სულაც არ სჭირდება 29 თებერვლისთვის ლოდინი, ასე რომ ჩვენთან ქალური ინიციატივა გაცილებით მოქნილია და ვინ იცის, შედეგიანიც კი… ეს ხუმრობა, შეიძლება ვინმე საქმეგამოლეულმა დაცინვად შერაცხოს, თუმცა ასე არ არის. სინამდვილეში, დაოჯახების საკითხი ძალიან მგრძნობიარე თემაა და რაკი შორეული ირლანდიის ტრადიციამ ჩვენც დაგვაინტერესა, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას ნამდვილად იძლევა, თუმცა ეს პოსტი ფსიქოლოგიური ნაკლებადაა და თუკი მაინც გაქვს სურვილი ამ თემის გაშლის, დააფიქსირე კომენტარებში…

ამ ირლანდიურ ტრადიციაზე, პირადად მე, ფილმ “ნაკიან წელიწადამდე” წარმოდგენა არ მქონდა. ფილმში მთავარი გმირი ქალი ყველანაირ ნაბიჯზე (მართლაც რომ “გმირობებზე) მიდის, რათა ჩაუსწროს საქმროს 29 თებერვალს ირლანდიაში და სამუდამოდ შეცვალოს მისი marital status. გულახდილად ვიტყვი, ნამდვილად არ მომეწონებოდა, ფილმი მათი ქორწინებით რომ დასრულებულიყო, მარტივი მიზეზის გამო – მთელი სიუჟეტი ეძღვნება, თუ როგორ გადალახა ქალმა 9 მთა და 9 ზღვა, ჩაიდინა “საქმენი საგმირონია” მამაკაცის გამო მაშინ, როცა, მე კაცისა და ქალის როლებს პირიქით ვხედავ…

საინტერესოა, ტრადიციის მიხედვით რომელიმე ცნობილი ადამიანი თუ დაქორწინებულა?! ინტერნეტში გამიჭირდა მოძებნა…

მოკლედ, ძვირფასო ქალბატონებო, ხელს თუ არავის სთხოვთ, ამ ფილმით მაინც დატკბით დღეს (Leap Year), ხოლო მამაკაცებო, დატკბით თავისუფლებით, სანამ ვინმე გადაწყვეტს გამოიყენოს 29 თებერვლის ტრადიცია…

პ.ს. ვინმეს ხომ არ იცნობ, ვინც დღეს ამ ტრადიციის მიხედვით, მამაკაცისთვის ხელი თხოვნას გეგმავს? გელოდები კომენტარებში.

პ.პ.ს. ჩაატარე ექსპერიმენტი და დღეს ერთხელ მაინც დასვი კითხვა: “გამომყვები… ქმრად?!”, რეაქციაა საინტერესო 🙂

სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply