გალაკტიონ ტაბიძე “ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება”

0

ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი ბედნიერების.

არაფერი იმაზე სამწუხარო არა არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას. ერთადერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში – სიყმაწვილეა, ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჟე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.

ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ გვამახინჯებს… საშინლად გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებად გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია: “ტანჯვა”, “გამოუთქმელი მწუხარება”, “სულის სიცარიელე” და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ: “სიცოცხლე”, “სიხალისე”, “ბედნიერება”-თქო.

თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება. გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი, თუ სიყმაწვილეშიაც უბედურად წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?

არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი