ბრძნული იგავები ღრმა აზრით

0

ერთ განდეგილს ჰკითხეს:

— ამ ყველასაგან მივიწყებულ ადგილზე მარტო როგორ ძლებ?

მან კი უპასუხა:

— მარტო არ ვარ. მე თანამოსაუბრე მყავს — ეს არის ღმერთი. როდესაც მინდა, რომ მელაპარაკოს, — მე ბიბლიას ვკითხულობ, ხოლო როდესაც მე მინდა მასთან ლაპარაკი — ვლოცულობ.

image

მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის, ყველას აკრიტიკებდა, მასწავლებელმა უთხრა:

— თუ სრულყოფილებას ეძებ, სცადე საკუთარი თავი შეცვალო, და არა სხვები. უფრო ადვილია ფეხსაცმელის ჩაცმა, ვიდრე დედამიწს ხალიჩით დაფარვა.

image

მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა.

— ვისთან წახვალ?

— ჰკითხა ღმერთმა მას.

— წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, — უპასუხა მან.

— ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანი არის, შენ კი ზარმაცთან მიდიხარ?

იღბალმა კი საპასუხოდ უთხრა:

— შრომისმოყვარე მე თვითონ მიპოვის.

image

ერთი გულუხვი კაცის ცოლმა უთხრა ქმარს:

— მე არ შემხვედრია იმაზე უფრო უმადური ადამიანები, ვიდრე შენი ძმები არის. როდესაც შენი საქმე კარგად მიდის, ისინი სულ აქ არიან, ხოლო როდესაც იღბალი ზურგს გაქცევს, ისინი მაშინვე მიდიან.

ქმარმა მას უპასუხა:

— ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მეტისმეტად დელიკატურები არიან. მათ არ სურთ ტვირთად დაგვაწვნენ, როდესაც ჩვენ არა გვაქვს, მათთვის რამის მიცემის საშუალება.

image

ერთი მოხუცი კაცი სიკვდილის პირას იყო. მან დაუძახა თავის ვაჟიშვილს და უთხრა:

— ეხლა მე შენ ჩემი საიდუმლო უნდა გაგიმხილო, რადგან ჩემი სიკვდილი შორს აღარ არის. ყოველთვის გახსოვდეს ორი რამ — მათი წყალობით მივაღწიე მე წარმატებას. ვინმეს თუ რამეს შეპირდები, აუცილებლად შეასრულე მიცემული სიტყვა. და მეორე — არასოდეს, არავის, არაფერი შეჰპირდე.

image

აღმოსავლეთში ერთი ბრძენი ცხოვრობდა, რომელიც ასე ასწავლიდა თავის მოსწავლეებს:

«ხალხმა შეურაცხყოფა სამი ხერხით შეუძლია მოგაყენოთ. მათ შეუძლიათ თქვან, რომ შტერი ხარ, შეუძლიათ მონად მოგიხსენიონ, შეუძლიათ თქვან რომ უნიჭო ხარ. თუ ასეთი რამე, რომელიმე თქვენგანს შეემთხვევა, გაიხსენეთ უბრალო ჭეშმარიტება: მხოლოდ შტერი უწოდებს სხვას შტერს, მხოლოდ მონა ეძებს სხვაში მონას, მხოლოდ უნიჭო, იმას რასაც ვერ იგებს, სხვისი სიგიჟით ხსნის. ამიტომ არასდროს, არავისგან არაფერი გეწყინოთ და თქვენც ნურავის მიაყენებთ შეურაცხყოფას, რომ უნიჭო, შტერი მონის სახელი არ დაიმკვიდროთ».

image

ერთმა მმართველმა ჰკითხა განდეგილს:

— ჩემთან რატომ არასდროს მოდიხარ?

მან კი უპასუხა:

— იმიტომ, რომ, შენ არაფერი გაქვს ისეთი, რისი მიღებაც მე მომინდებოდა, ხოლო მე, არაფერი მაქვს ისეთი, თქვენ რომ დაგაინტერესოთ.

image

ერთხელ მასწავლებელმა კითხვა დაუსვა თავის მოსწავლეებს:

— ხეზე ზის სამი ჩიტი, ერთმა გაფრენა გადაწყვიტა. რამდენი ჩიტი დარჩება ტოტზე?
მოსწავლეებმა მაშინვე უპასუხეს:

— ორი!

— არა, პასუხი სწორე არ არის — შეეწინააღმდეგა მათ მასწავლებელი, — ისევ სამი იქნება! გაფრენის გადაწყვეტილების მიღება — გაფრენას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ გადაწყვეტილებაა, და არა მოქმედება, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

image

ერთხელ მასწავლებელმა უთხრა თავის მოსწავლეებს:

— მსოფლიოში არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება.

ერთმა მოსწავლემ ჰკითხა:

— და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა?

— რა თქმა უნდა, არა — გაიღიმა მასწავლებელმა.

image

ერთი ქურდი დაიჭირეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემ დამნაშავის სამარცხვინო ბოძზე მიბმა ბრძანა, რომ ყველა გამვლელს შეძლებოდა მისთვის შეფურთხება.

რამოდენიმე დღის შემდეგ, მეფე წავიდა ქალაქის მთავარ მოედანზე, მივიდა ბოძთან და ქურდს ჰკითხა:

— აბა, არის ქვეყანაზე უფრო დიდი უბედურება, ვიდრე შენ დაგატყდა თავს?

— არის, მბრძანებელო, არის, — უპასუხა მან.

—რომელი?

— ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როდესაც შენთან სტუმარი მოდის და მისი გამასპინძლების საშუალება არა გაქვს.

image

ერთხელ მასწავლებელს ჰკითხეს, თუ რა კრიტერიუმით არჩევდა ის მოსწავლეებს. და მან უპასუხა:
— მე ძალიან მოკრძალებულად და თავმდაბლად ვიქცევი. მათ, ვინც ჩემს ამგვარ საქციელზე, გამომწვევად იქცევა, დაუყოვნებლივ უარს ვეუბნები. მათ, ვინც მოწიწებას იჩენს ჩემი თავმდაბლობის მიმართ, ასევე დაუყოვნებლივ ვეუბნები უარს.

image

რამდენნაირი მეგობარი არსებობს? — ჰკითხეს ბრძენს. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ, მან განაცხადა:

— ოთხი:

1. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც საკვები — ისინი ყოველდღე გესაჭიროებათ, მათ გარეშე ვერ ძლებთ.

2. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც წამალი — ეძებთ მათ, როდესაც ცუდად ხართ.

3. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც ავადმყოფობა — ისინი თავად გეძებენ.

4. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც ჰაერი — ისინი არა ჩანან, მაგრამ ყოველთვის თქვენთან არიან.

image

დაბადებამდე ერთი დღით ადრე, ბავშვმა ჰკითხა ღმერთს:

— არ ვიცი, რატომ მივდივარ იმ ქვეყანაში. იქ რა უნდა ვაკეთო?

ღმერთმა უპასუხა:

— მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.

— მაგრამ როგორ უნდა გავიგო რას მეტყვის, მე ხომ მისი ენა არ ვიცი?

— ანგელოზი თავის ენას გასწავლის. ის ყველა უბედურებისგან დაგიცავს.

— შენთან როდის და როგორ უნდა დავბრუნდე?

— შენი ანგელოზი ყველაფერს გეტყვის.

— ჩემს ანგელოზს რა ჰქვია?

— მნიშვნელობა არა აქვს, რა ჰქვია. შენ მას «დედას» დაუძახებ.

image

— ყოველი ადამიანი დედამიწაზე — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა არის, — უთხრა ერთხელ შვილიშვილს ბრძენმა ბებიამ.

ბავშვს ძალიან გაუკვირდა ეს რომ გაიგო.

— შენ — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა ხარ, — გაიმეორა ბებიამ. და განუმარტა:

— ნიჭი, რომელიც შენ მოგეცა, შეიძლება ყველას არ სჭირდება, მაგრამ ის, უეჭველად, ვიაცისთვის აუცილებელი არის — შენი ღიმილი, შენი სიყვარული, შენი ძალა.

image

ერთხელ ერთმა ადამიანმა მეფეს საჩუქარი მიუტანა. მაგრამ, ამ საჩუქარმა მეფე არ გაახარა, პირიქით – დაამწუხრა.

— რამ დაგაღონათ? — ჰკითხეს მეფეს.

მან უპასუხა:

— როგორ არ უნდა ვწუხდე? ამის შემდეგ, როგორიც არ უნდა ძვირად ღირებული საჩუქარი ვაჩუქო ამ ადამიანს, ის ჩათვლის, რომ მე ამას მადლიერების ნიშნად ვაკეთებ, მისი მიერ მორთმეული საჩუქრის გამო. მეფემ იმაზე ადრე უნდა აჩუქოს საჩუქარი, ვიდრე მას აჩუქებენ.

image

წმინდანთან მივიდა ჩვეულებრივი ადამიანი და ცხოვრებაზე წუწუნი დაიწყო:

— ჩემი ცხოვრება გატეხილ სარკეს ჰგავს! ჩემს სულს ცოდვის ლაქებით არის დასვრილი! შეიძლება მქონდეს რამის იმედი?

— დიახ, — უპასუხა წმინდანმა, — ნამსხვრევების შეწებებაც შეიძლება და ლაქების წაშლაც.

— როგორ?

— პატიებით.

— ვის უნდა ვაპატიო?

— ყველას: მეზობელს, მეგობარს, ცხოვრებას — და განსაკუთრებით საკუთარ თავს.

— ეს როგორ უნდა გავაკეთო?

— უნდა გააცნობიერო, რომ დამნაშავე არავინ არის. არავინ.

image

ერთი ადამიანი მივიდა წმინდანთან და უთხრა:

— მე მხოლოდ საკუთარ სხეულს ვხედავ, სულს კი არა, ამიტომ ჩემთვის მთავარი სხეულია. როგორ უნდა მჯეროდეს სულის, რომელიც უხილავია?

წმინდამნა მას უპასუხა:

— შენი დასკვნა ისეთივეა, მე რომ ვთქვა – ხის მხოლოდ ღეროს ვხედავ და როგორ უნდა დავიჯერო ფესვების არსებობა, რომელიც არა ჩანს?

image

მოსწავლემ მასწავლებელს ჰკითხა:

— რამდენად სწორია გამოთქმა, რომ ფულში არ არის ბედნიერება?

მან კი უპასუხა, რომ გამოთქმა სრულიად სწორია. და მტკიცებულებაც მოიყვანა: მაგალითად, ფულით საწოლის ყიდვა შეიძლება და არა ძილის; საჭმლის, და არა მადის; წამლის, და არა ჯანმრთელობის; მსახურის, და არა მეგობრობის; ქალების, და არა სიყვარულის; სახლის, და არა ოჯახური კერის; გართობის, და არა სიხარულის; განათლების, და არა გონების… და ამ ჩამონათვალის გაგრძელება, უსასრულოდ შეიძლება.

image

გზის პირას მათხოვარი იდგა და მოწყალებას ითხოვდა. მხედარმა, რომელმაც გვერდით ჩაუარა, სახეზე მათრახი დაარტყა. მათხოვარმა კი მხედარს მიაძახა:

— ბედნიერებას გისურვებ.

გლეხმა, რომელმაც ყველაფერი დაინახა და გაიგონა, მას ჰკითხა:

— ნუთუ ასეთი მორჩილი ხარ?

— არა, ეს ადამიანი ბედნიერი რომ ყოფილიყო, მათრახს არ დამარტყავდა – უპასუხა მათხოვარმა.

image

ერთხელ ქმარმა უთხრა ცოლს:

— მე ბევრს ვიმუშავებ და როგორმე ჩვენ გავმდიდრდებით.

— ჩვენ უკვე მდიდრები ვართ, ძვირფასო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს. როდესმე ფულიც გვექნება, — უპასუხა ცოლმა.

image

ერთმა ნიჭიერმა მხატვარმა თავისი ნამუშევარი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა. ბევრი აქებდა მის ახალ ნამუშევარს. და მხოლოდ მეწაღემ დაინახა შეცდომა დახატულ სანდლებში.
მოისმინა მისი შენიშვნები მხატვარმა და სასწრაფოდ შეასწორა ნახატი.

ამის შემდეგ, მეწაღე ისე გაამპარტავნდა, რომ იმის ლაპარაკი დაიწყო, რომ წვივი და მუხლიც ცუდად არის დახატულიო და საერთოდ ფეხი ფეხს არა გავსო…

რაზეც მხატვარმა მას უპასუხა:

— ნუ განსჯი მეწაღევ ფეხსაცმლის ზევით!

image

ერთ ფილოსოფოსს ქალიშვილი ჰყავდა. მისი გათხოვების დრო რომ მოვიდა, ორი მთხოვნელი გამოუჩნდა: ღარიბი და მდიდარი. ფილოსოფოსმა შვილი ღარიბს მიათხოვა.

როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა:

— მდიდარი საქმრო სულელი იყო, და ვიფიქრე, რომ მალე გაღატაკდებოდა. ხოლო ღარიბი საქმრო ჭკვიანი იყო — და მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, ის გამდიდრდება.

image

ერთ კაცს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც მთლიანად ნაგვით იყო დაფარული, და გადაწყვიტა მისი გაყიდვა. ვინც მიწა იყიდა, ნაგვისაგან გაასუფთავა და იქ წყარო იპოვა სუფთა, კამკამა წყლით. ნაკვეთზე ვაზი და ბროწეულის ხეები დარგა და რაც ადგილი დარჩა, არომატული მცენარეები დათესა. იქვე პატარა კოშკურა ააშენა და საიმედო დარაჯი დააყენა.

გამვლელები გულგრილად ვერ უყურებდნენ ამ სილამაზეს და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ისე მოხდა, რომ ნაკვეთის ძველი მფლობელიც მოხვდა იმ ადგილზე. დაინახა, რა, თუ როგორ შეიცვალა ყოფილი ნაგვის ბუდე, წამოიძახა:

— ვაი მე! რა ადგილი გავყიდე! რა მადლი და ბარაქა დავკარგე!

image

ხმალი ჰაერში მიფრინავდა, რომ თავი მოეჭრა უბედური ადამიანისთვის.
ეს რომ დაინახა, ენამ უთხრა:

— დაიგვიანე… მე ეს უკვე გავაკეთე, და შენზე უკეთესად.

image

მეფემ თავის მმართველს დაავალა, რომ ყველა სასახლე და მიწები მოევლო და მასთან შობაზე, რაც შეიძლება მეტი მეგობარი დაეპატიჟა.

მმართველმა მართლაც მოიარა სასახლეები და მიწები, მაგრამ მეგობრების ნაცვლად, მისი მტრები დაპატიჟა. როდესაც მეფემ ისინი დაინახა, კინაღამ გული შეუღონდა და გაკვირვებულმა ჰკითხა, თუ რატომ მოიქცა ის ასე. მმართველმა კი უპასუხა:

— თქვენი მეგობრები, მეფეო, თქვენთან ნებისმიერ დროს მოდიან და თქვენ მათ ყოველთვის სიხარულით ღებულობთ. მაგრამ როდესაც შემთხვევით ხვდებით თქვენს მტრებს, თქვენი სახე შავი ღრუბელივით მოღუშული ხდება. სწორედ ამიტომ დავპატიჟე ეს ადამიანები, რომ როდესაც ისინი თქვენს ალერსიან სახეს დაინახავენ და თქვენთან ერთად ამ საზეიმო სუფრას მიუსხდებიან, ისინი მეგობრებად გადაიქცევიან.

image

ერთ გლეხს სიგელი ჰქონდა, რომელიც თურქულ ენაზე იყო შედგენილი. ის კარგა ხანს ეძებდა ადამიანს, ვინც ამ სიგელის წაკითხვას შეძლებდა! მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ვერავინ იპოვა. როგც იქნა, ის ერთ ხანშიშესულ კაცს შეხვდა, რომელსაც ქათქათა თეთრი ჩალმა ეხურა.

— ბატონო, კეთილო ბატონო! — მიმართა მან ჩალმიანს. — ძალიან გთხოვთ, მითხარით, აქ რა წერია?

— არ შემიძლია, შვილო, ამის წაკითხვა, — უპასუხა კაცმა, მას შემდეგ, რაც ქაღალდს დახედა. — არა, არ შემიძლია! ეს ენა არ ვიცი!

— ეს როგორ — თქვენ ჩალმას ატარებთ, კითხვა კი არ იცით?

— თუ, საქმე მხოლოდ ჩალმაშია, აიღე ის, შვილო, — დაიხურე და წაიკითხე შენი სიგელი!

image

ერთხელ, ფრინველები შეიკრიბნენ და დაიწყეს ერთმანეთის კრიტიკა და ნაკლოვანებებზე მითითება. ერთს ერთი რამისთვის კიცხავდნენ, მეორეს – მეორესთვის და ყველამ, ვინც რამეში დაადანაშაულეს, აღიარა შეცდომა და გამოსწორების პირობა დადო. მივიდა რიგი გუგულამდეც.
— ეჰ, გუგულო, გუგულო, შენ ყველაზე მეტად უნდა გრცხვენოდეს, შენ ხომ შენს კვერცხებს სხვის ბუდეებში დებ!

ყველას ეგონა, რომ ის სირცხვილისგან თავს დახრიდა და თავის დასაცავად, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ შეცდნენ. გუგული გაიფხორა და ნისკარტი გააღო:

— დიდი ამბავი! თქვენ მე მსაყვედურობთ, რომ მე სხვის ბუდეებში ვდებ კვერცხებს, ხოლო თევზებს არაფერს ეუბნებით, ისინი ხომ თავიაანთ ქვირითს, საერთოდ, წყალში ყრიან.

— მაგაზე ნუ დარდობ, გუგულო, — უთხრა ერთმა ხნიერმა ფრინველმა, რომელმაც გუგულის არაერთი ბარტყი გამოჩეკა, — ჩვენ რომ თევზების შვილების გამოკვება გვიწევდეს, მაშინ თევზებსაც მოვთხოვდით პასუხს!

image

კაიროში, მეჩეთის სიახლოვეს, ორი მათხოვარი იჯდა. თითოეულის წინ ჭიქა იდგა ხურდა ფულისთვის და დაფა, რომელზეც ერთს ეწერა: «დაეხმარეთ გაჭირვებულ ებრაელს», ხოლო მეორეს: «მოწყალე ალაჰის სახელით, დაეხმარეთ არაბს, რომელიც ისრაელთან ბროლის დროს დაიჭრა».

მეჩეთიდან გამოსულები, დემონსტრაციულად ჩაუვლიდნენ ხოლმე ებრაელს და მონეტებს არაბს უყრიდნენ ჭიქაში.

ერთი ტურისტი, რომელმაც ებრაელის წინ მდგარი ცარიელი ჭიქა დაინახა, მივიდა მასთან და უთხრა:

— მომისმინე, წარწერა შეცვალე, თორემ მშიერი დარჩები – დაწერე, რომ არაბი ხარ.

როდესაც გამვლელი წავიდა, ებრაელი მიბრუნდა თავის მეზობლისკე და უთხრა:

— გესმის, იზია (ებრაული სახელი)? ეს ტიპი გვასწავლის ჩვენ კომერციას!

image

ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა. ერთი მეორეს უყვება:

— ცოტა ხნის წინ, პატარა სპილო ვიყიდე. ახლა ჩვენი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა: ის ისეთი საყვარელია, ბავშვებს ზურგით ასეირნებს, ხორთუნით ბუჩქებს რწყავს, სახლშიც გვეხმარება, ცოლს მოსწონს, ბავშვები აღფრთოვანებულები არიან…

— მომყიდე, — სთხოვა მეორემ.

— არა, არ შემიძლია. ის უკვე ოჯახის წევრივით არის.

— ძალიან გთხოვ, — დაყოლიება დაუწო, ყიდვის სურვილით ანთებულმა, მეგობარმა.

— კარგი წაიყვანე!

ერთი კვირის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს:

— აბა, რა ხდება? — დაინტერესდა სპილოს ყოფილი მეპატრონე.

— ყველაფერი ძალიან ცუდად არის: ძალიან ბევრს ჭამს, მთელი ბუჩქები გაგვიგლიჯა, ბავშვები შეშინებულები არიან, ცოლი ისტერიკაშია…

— ჰო, ასეთი განწყობით, შენ სპილოს ვერ გაყიდი — დაასკვნა სპილოს ყოფილმა პატრონმა.

image

ორი ბაყაყი, როდესაც მათი ჭაობი დაშრა, ახალი საცხოვრებლის მოსაძებნად წავიდნენ. მივიდნენ ისინი ერთ ჭასთან. ერთს დიდ ხანს არ უფიქრია და შიგნით ჩახტა. ხოლო მეორემ თქვა:

— ამ ჭაშიც რომ დაშრეს წყალი, იქიდან როგორ ამოვალთ?

მორალი: არასოდეს არ უნდა მოკიდოთ ხელი საქმეს, ვიდრე ყველაფერს კარგად არ გაანალიზებთ.

image

გლეხი კვდებოდა და სურდა, რომ თავისი შვილები კარგი მევენახეები გამხდარიყვნენ. დაუძახა მათ და უთხრა:

— შვილებო, ერთი ვაზის ძირში, განძი მაქვს დამარხული.

და მოკვდა. კონკრეტულად სად იყო განძი, იმის თქმა ვერ მოასწრო.

როგორც კი შვილებმა ყველა წესის დაცვით, უკანასკნელი ვალი მოიხადეს მამის წინაშე, აიღეს ბარები და თავიანთი ნაკვეთი, მთლიანად გადაბარეს. განძი ვერ იოპვეს, სამაგიეროდ, დაბარულ ნაკვეთზე, ყურძნის იმხელა მოსავალი მიიღეს, რომ მამის მიერ ნათქვამ, განძის თანხას, ბევრად აღემატებოდა.

აქედან, დასკვნა: შრომა — განძი არის ადამიანებისთვის.

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი