ბლეზ პასკალი: “საშინელებაა ადამიანის უღმერთოდ ყოფნა”

0

დაე, თავდაპირველად შეიცნონ რა არის რელიგია, ვიდრე მის წინააღმდეგ საბრძოლველად აღიძვროდნენ. რელიგია რომ იკვეხნიდეს, თვალნათლივ ვხედავ და ყოველგვარი საბურველისგან განძარცვული თვალებით ვჭვრეტ ღმერთსო, მაშინ მის მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ სამყაროში ვერაფერს ხედავენ ისეთს, რაც ცხადად გვმიჟღავნებს ღვთის არსებობას. მაგრამ რელიგია პირიქით ამტკიცებს, რომ ღმერთი უხილავია და მიუწვდომელია მათი გონებისათვის.

ეგეც არ იყოს, რელიგია ცდილობს თანაბრად დააფუძნოს ორი საწყისი: ჯერ ერთი ის, რომ ღმერთმა მოგვცა ეკლესია, რათა ამრიგად ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, ვინც წრფელი გულით დაეძებს მას, მაგრამ მეორე, ამავდროულად იმნაირად დამალა საკუთარი მადლი, რომ მისი შეცნობა შესაძლებელი იქნეს მხოლოდ მათთვის, ვინც მთელი არსებით, სულით და გულით მიიქცევა მისდა საძებრად.

მაშ რაღა აზრი აქვს იმის ყვირილს, რომ სამყაროში არაფერი ამჟღავნებს ღმერთის არსებობას. თვით უმეცარნი, ეკლესიას ბრალად რომ სდებენ უმეცრებას, მხოლოდ ამტკიცებენ ზემოთ მოყვანილ მეორე საწყისს (ღმერთის მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, ვინც მთელი არსებით, სულით და გულით მიიქცევა მისდა საძებრად. ) და გვერდს უვლიან პირველს (ეკლესიას). ამრიგად შემუსვრის ნაცვლად ისინი თავად ამტკიცებენ ეკლესიის მოძღვრებას.

რელიგიის მტრებს უნდა ეყვირათ, რომ ძალ-ღონის დაუზოგავად, შეცნობის გულწრფელი სურვილით დაეძებდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამაო იყო მათი მცდელობა.მაგრამ მე მჯერა რომ ვერცერთი მათგანი ვერ იტყოდა მსგავს რამეს. იმის თქმასაც ვბედავ, რომ არავის არასოდეს უცდია ეს. ყველას კარგად მოეხსენება, როგორ იქცევიან ისინი, ვინც ამნაირად აზროვნებენ. მათ ჰგონიათ, რომ თავდაუზოგავად შრომობენ, რაკი რამდენიმე საათი შესწირეს საღმრთო წერილის და ამა თუ იმ წიგნის წაკითხვას და რამდენიმე კითხვით მიმართეს ამა თუ იმ სასულიერო პირს ჭეშმარიტი რწმენის თაობაზე. ამის შემდეგ ისინი კვეხნით აცხადებენ, რომ ამაოდ ეძებდნენ თავიანთ პასუხს წიგნებში და ასევე ამაოდ ეკითხებოდნენ ადამიანებს.

სულის უკვდავების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ უნდა დაგვეხშოს ყოველგვარი გძნობა, რომ მის მიმართ სრულიად გულგრილნი დავრჩეთ.

მე სულ სხვა თვალით ვუყურებ მას, ვინც თავის დღეს და წუთისოფელს ისე ატარებს, რომ ერთხელაც არ დაუფიქრდება სიცოცხლის საბოლოო მიზანს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავის თავში ვერ პოულობს საკმარის ნათელს, რომელიც შესძლებს მის დარწმუნებას და არც სხვაგან დაეძებს მას.

ეს აშკარად დაუდევრობაა იქ, სადაც საქმე თავად მათ ეხებათ, მათ მარადიულობას, მათ მთელს სიკეთეს. მერწმუნეთ, ამას ღვთისმოსავის გზნება კი არ მალაპარაკებს, პირიქით, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სულის ხსნისთვის ზრუნვა თვით ადამიანურობისა და ადამიანის თავმოყვარეობისაგან უნდა იღებდეს სათავეს. საჭირო არ არის სულის უჩვეულო სიმაღლე, რათა შეიგნო, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ჭეშმარიტი და მყარი ბედნიერება, რომ ყველა ჩვენი სიამოვნება ამაოა და სიკვდილი წამითი-წამად ემუქრება ჩვენს არსებობას.

რაგინდ მამაცურადაც არ უნდა გვეჭიროს თავი, ეს დასასრულია, რომელიც ელის ამ ქვეყნად ჩვენს მშვენიერ სიცოცხლეს. საკმარისია დავუფიქრდეთ ამას და ჩვენ იძულებულნი გავხდეთ ვაღიაროთ. რომ ამქვეყნიური არსებობის სიკეთეს მხოლოდ მომავალი არსებობის იმედი განაპირობებს. ადამიანები ბედნიერები არიან იმდენად, რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ. და მაინც თუ უბედურება უცხო არაა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, არც სრული ბედნიერებაა ნაცნობი მათთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი.

სადაა ამ გრძნობის სათავე? რა სიხარულს გვრის ადამიანს უიმედო არარაობის ლოდინი? რას იკვეხნის? ან რად იბადება გონიერ არსებაში ამგვარი აზრი?

“მე არ ვიცი, ვინ წარმომგზავნა ამ ქვეყნად, არ ვიცი, რაა სამყარო, არ ვიცი, ვინ ვარ მე. მე არ ვიცი, რა არის ჩემი სხეული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული და ჩემი არსების ნაწილი, რომელიც ფიქრობს იმას, რასაც მე ვამბობ. მე ვერაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ, უსასრულობის გარდა, რომელშიაც ატომივით ვარ ჩაკარგული. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილია, რომელიც წამით ევლინება უსასრულობას, რათა ამ წამის წარხდომისთანავე უკვალოდ გაქრეს. აქედან შემიძლია დავასკვნა, რომ სიცოცხლის დარჩენილი დღეები უშფოთველად უნდა განვლო და თავი არ ავიტკიო იმაზე ფიქრით, თუ რა მელის სიკვდილის შემდეგ. ვინ იცის თუ მოვინდომებდი, იქნებ ცოტათი მაინც გამეფანტა ეჭვის ბურუსი, მაგრამ თავი რად შევიწუხო, ან გამოუვალი მდგომარეობიდან რად ვეძიო გამოსავალი? ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევს ის, ვინც ამაოდ იტკიებს ამაზე თავს. მე მსურს შლეგივით უშიშრად და უდარდელად შევეგებო სიკვდილს, უდრტვინველად შევეგებო კარს მომდგარ აღსასრულს.”

ვინ ისურვებდა მეგობრად ჰყოლოდა ასეთი კაცი? ვინ ამოარჩევდა მოყვასთა შორის ამნაირ კაცს, რომ საიდუმლო გაენდო მისთვის? ვინ მოუხმობდა მას თავისი გაჭირვების დროს შემწედ და მეოხად?

თუმცა რელიგიისთვის სასახელოა ასერიგად უგუნური მტრების არსებობა, მათი წინააღმდეგობა იმდენად უბადრუკია, რომ, პირიქით, მის მთავარ ჭეშმარიტებათა დამკვირდებას ემსახურება. რადგან ქრისტიანული სარწმუნოება, უპირველეს ყოვლისა, ორი საწყისის დაფუძნებას ისახავს მიზნად: ადამიანის ბუნების დაცემას და მაცხოვრის მიერ მათი ცოდვების გამოხსნას. თუ ისინი გვეწინააღმდეგებიან, რომ დავამტკიცოთ ცოდვის გამოხსნისა და გამოსყიდვის ჭეშმარიტება. სამაგიეროდ გადაგვარებული გრძნობებით, საოცრად გვიადვილებენ დავამტკიცოთ ადამიანის ბუნების დაცემა.

მხოლოდ ადამიანური ბუნების გადაგვარებით თუ აიხსნება ის ფაქტი, რომ კაცს თავი მოაქვს ამ მდგომარეობით. მათი უმრავლესობა მხოლოდ ცდილობს თავი მოგვაჩვენოს ასეთი და ისეთი ვარო, სინამდვილეში კი სულ სხვანაირია.

არადა მათ რომ მეტი გულისხმიერება გამოეჩინათ, უთუოდ დაინახავდნენ, რა ცუდად ესმით ყოველივე ეს, რარიგ ეწინააღმდეგებიან საღ აზრს, როგორ უპირისპირდებიან პატიოსნებას და რამდენად შორდებიან სულის სიმშვიდეს, რომელსაც ასე ელტვიან. და მართლაც, სთხოვეთ მათ გაგიმჟღავნონ თავიანთი გრძნობები, გვითხრან, რატომ აეჭვებთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, და პასუხად მიიღებთ იმდენ სიმდაბლეს და სიბრიყვეს, რომ უთუოდ ირწმუნებთ იმას, რასაც ისინი ასე უტიფრად უპირისპირდებიან. რა მადლი იქნებოდა, ვინმეს ეთქვა მათთვის: “თუ კვლავ განაგრძობთ ამ მიეთ-მოეტს, ჭეშმარიტად მომაქცევთო.”

ამრიგად, ყველა ვინც აყალბებს საკუთარ გრძნობებს, თავის თავსაც იუბედურებს. თუ იმის გამო წუხან, რომ მათ გულში მხოლოდ ბჟუტავს რწმენის ნათელი, დე, ნუ მალავენ ამას: რადგან ამის აღიარება სულაც არ არის სამარცხვინო. სირცხვილი ნათლის დაშრეტაა მხოლოდ და მხოლოდ. არაფერი ისე ცხადად არ გვიმჟღავნებს სულის სისუსტეს, ვიდრე იმის ცოდნა, თუ რა საშინელებაა ადამიანის ყოფნა უღმერთოდ. არაფერი არ გვევლინება სიმხდალის უფრო უტყუარ ნიშნად, ვიდრე ღმერთის წინაშე ყოყოჩობა და ყოყლოჩინობა. ამიტომ, დაე, მას მიანდონ და მიანებონ ეს მკრეხელობა, ვინც, ბუნებით, იმდენად უკეთურია, რომ მართლაც შეუძლია.დანარჩენები კი, პატიოსან ხალხად მაინც დარჩნენ, უკეთუ ქრისტიანებად ყოფნა არ შეუძლიათ. კეთილგონიერი მხოლოდ და მხოლოდ ორი ჯურის ადამიანს შეიძლება ეწოდოს: ან იმას, ვინც მთელი გულით თაყვანს სცემს უფალს, ვინაიდან შეიცნო იგი, ან კიდევ მას, ვინც მთელი არსებით დაეძებს ღმერთს, ვინაიდან ჯერ კიდევ ვერ შეძლო მისი შეცნობა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.