ბინე–სიმონეს ინტელექტუალური ტესტები

0

ინტელექტუალური შესაძლებლობების განსასაზღვრი პირველი ტესტები შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობის დაკვეთით. მრეწველობა ვითარდებოდა ძალიან სწრაფი ტემპებით. ამიტომ სჭირდებოდათ კვალიფიციური სპეციალისტების დიდი რაოდენობა.. რა თქმა უნდა, მთავრობას უნდოდა ფული ძირითადად დაეხარჯა იმ ბავშვების განათლებისათვის, რომლებსაც სწავლის უნარი ჰქონდათ.

ამასთან დაკავშირებით გაჩნდა მოთხოვნა უკვე სკოლაში მისვლისას გამოეყოთ „ხორბლის მარცვლები ბზისგან „ ანუ ასაკის შესაბამისად განვითარებული ბავშვები გამოერჩიათ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისგან. საჭირო იყო ეფექტური მეთოდიკის შემუშავება მომავალი მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების განსასაზღვრად. ამ მეთოდიკის შემუშავება დაევალა სპეციალურ კომისიას, რომლის შემადგენლობაში შევიდა „ მოხალისე საზოგადოება ბავშვის განათლებისთვის“–ის თავმჯდომარე – ალფრედ ბინე.

ბინე მე–19 საუკუნის ბოლოსთვის უკვე აქტიურად იყო დაკავებული იმ ადამიანების შესწავლით, რომლებიც მკვეთრად გამოირჩეოდნენ დანარჩენი ადამიანებისგან: თავიდან იკვლევდა სულით დაავადებულებს, შემდეგ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებს. ბოლო წლები მან ბავშვების გამოკვლევას მიუძღვნა. პრაქტიკაში ის იყენებდა არა მხოლოდ იმ დროის ტრადიციული დაკვირვების მეთოდებს, არამედ გამოკითხვებს და ასევე ტესტურ დავალებებს.ბინეს არ აწყობდა ფ.გალტონისა და ჯ. კეტელის შემუშავებული ტესტები. ბინე თვლიდა, რომ ამ ტესტების დახმარებით შეუძლებელია ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობის შეფასება. მეცნიერმა გადაწყვიტა შეექმნა ტესტების საკუთარი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ეფექტურად შეაფასებდა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობას.

დაიწყო ტესტების საკუთარი სისტემის შექმნა და აგრძელებდა ამ საქმეს 1896 წელს კომისიის ჩარჩოებში ანუ მუშაობდა კომისიის სხვა წევრთან ერთად –ექიმ თ. სიმონესთან ერთად. შედეგად შემუშავებულ იქნა „ბინე–სიმონის გონებრივი განვითარების სკალა“.

ეს ტესტების სისტემა დღესაც გამოიყენება ფსიქოლოგების მიერ, თუმცა უკვე მრავალჯერ შეცვლილი როგორც მისი შემქმნელების მიერ, ასევე მათი მიმდევრების მიერ.

ბინე–სიმონეს სკალის პირველი რედაქცია, რომელიც 1905 წელს გამოვიდა, შეიცავდა 30 ტესტურ დავალებას, რომელიც დალაგებული იყო სირთულის ზრდის მიხედვით. ტესტი გათვლილი იყო 3 დან 11წლამდე ბავშვებისთვის. ძირითადად მოწმდებოდა კითხვის, მართლწერის, თვლის უნარ–ჩვევები. თუმცა გამოიყენებოდა აგრეთვე ფსიქოლოგიური ორიენტაციის მქონე დავალებები. თითო კითხვაზე გამოყოფილი იყო 1 წუთამდე დრო.

პირველი სკალა მხოლოდ იმის საშუალებას იძლეობა, ზუსტად განსაზღვრულიყო, აქვს თუ არა ბავშვს გონებრივი ჩამორჩენილობის ნიშნები. 1908 წელს ტესტური დავალებებს გადახედეს და შეცვალეს ისე, რომ ტესტირების შედეგების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბავშვების ინტელექტულაური განვითარების სხვადასხვა დონის დადგენა. სწორედ მაშინ გაჩნდა გაგება „გონებრივი საფეხური“–ის, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა ტერმინით „გონებრივი ასაკი“, შემდეგ კი სიტყვათშეთანხმებით „ გონებრივი განვითარების მაჩვენებელი“ (IQ) .

ტესტირება სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ჩაუტარდათ და დადგინდა თითოეული ასაკის ნორმალურად განვითარებული ბავშვებისთვის ტიპური საშუალო ქულა. შემდეგ თითოეული კონკრეტული ბავშვის შესრულება შეადარეს ამ ასაკის სხვა ბავშვების საშუალო მაჩვენებელს. ტესტის შედეგები გამოისახა საშუალო ასაკის ტერმინებით, სადაც ნორმალურად განვითარებული ბავშვები კონკრეტულ ქულას იღებდნენ. ამ საზომს გონებრივი ასაკი ეწოდა. მაგალითად, როდესაც ბავშვის მიერ მიღებული ქულა უტოლდება ხუთი წლის ბავშვთა ჯგუფის საშუალო ქულას, ამ ბავშვის გონებრივი ასაკი იქნება 5, განურჩევლად იმისა, თუ როგორია მისი ქრონოლოგიური ასაკი, ანუ დაბადებიდან გასული წლების რაოდენობა.

უფრო გვიან მოდიფიცირებული ბინე–სიმონეს ტესტები შეიცავდნენ გაცილებით რთულ დავალებებს. მაგალითად ასეთებს:

7 წლის ბავშვებისთვის:

–რა უნდა გააკეთო, როდესაც აგვიანებ სკოლაში?
–რა უნდა გააკეთო, თუ დააგვინე მატარებელზე?
–რა ემართებათ მათ, ვისაც ეზარება და არ სურს მუშაობა?

9 წლის ბავშვებისთვის:

–რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გამოიმუშავო აუცილებელი 10 სუ?
–რატომ არ შეიძლება დახარჯო მთელი ფული?
–რა უნდა გააკეთო, თუ კი სხვისი ნივთი გატეხე?
–რა უნდა გააკეთო თუ კი შემთხვევით მეგობარმა ხელი გკრა (დაგეჯახა)?
–რა უნდა გააკეთო, როდესაც გჭირდება კეთილი სიტყვა?

თანდათანობით შეიმუშავეს ტესტები უფროსი ასაკის ბავშებისთვისაც.

ბინეს მიდგომა ოთხი მნიშვნელოვანი ნიშან- თვისებით ხასიათდება:

პირველი, მან ამ ტესტის ქულები გაიაზრა, როგორც ინტელექტის მიმდინარე განვითარებულობის შეფასება და არა, როგორც შინაგანი ინტელექტის საზომი;

მეორე, მას ტესტის ქულების იმ ბავშვების გამოსავლენად გამოყენება სურდა, რომლებიც სპეციალურ დახმარებას საჭიროებენ და არა მათი სტიგმატიზაციისთვის.;

მესამე, იგი ხაზს უსვამდა, რომ ვარჯიშსა და განვითარების პირობებს შეუძლია ინტელექტზე ზემოქმედება და განვითარებაში შეფერხებების მქონე ბავშვების ინტელექტის იმ სფეროების დადგენას ცდილობდა, რომლებშიც სპეციალური განათლების დახმარებით გაუჯობესდებოდა ამ ბავშვების შესაძლებლობები.

დაბოლოს, მან ტესტი ემპირიულად ააგო _ შეაგროვა მონაცემები, რომ ენახა რამდენად ვალიდური იყო შექმნილი ტესტი და არ უცდია მისი დაკავშირება ინტელექტის რომელიმე კონკრეტულ თეორიასთან.

ბინე–სიმონეს ტესტი გახდა პოპულარული არა მარტო საფრანგეთში, მას აქტიურად იყენებდნენ სხვა ქვეყნებშიც( მათ შორის რუსეთშიც). ბევრი ფსიქოლოგი ცდილობდა ტესტების სრულყოფას, მეტ–ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ლ.ტერმენის– სტენფორდის საჯარო სკოლის ყოფილი ადმინისტრატორის მიერ გადამუშავებული ვარიანტი. მან ბინე–სიმონეს ტესტს დაუმატა 4 პრინციპულად ახალი დავალება:

1.„დისკუსიის მაგალითი“ : ბავშვს სთავაზობდნენ წაეკითხა იგავი და განესაზღვრა მისი მორალი. შერცეულ იქნა 20 იგავი (ძირითადად ძველი ბერძენი მეიგავის–ეზოპეს შემოქმედებიდან, რომლის სიუჟეტებს აქტიურად იყენებდნენ მოვიანებით ლაფონტენი და კრილოვი).

2.„დამატებების ტესტი“, რომლის შესასრულელად საჭირო იყო გამოტოვებული ადგილების ნაცვლად აზრობრივად შესაბამისი სიტყვების ჩასმა სპეციალურად შემუშავებულ ტექსტში.

3. სიტყვების შეიძლება ყოფილიყო მეტყველების სხვადასხვა ნაწილი.

ტესტს ჰქონდა სირთულის 4 საფეხური.სიტყვების მარაგის შესამოწმებელი ტესტი, რომელშიც შემოთავაზებული იყო სწრაფად და მოკლედ აეხსნა 100 გაგების.

4. სწორი მსჯელობის გამოცდა–შემოწმება. დავალება მდგომარეობდა შემდეგში: ბავშვს უხატავენ წრეს და უხსნიან რომ ეს ნიშნავს მინდორს, რომელზეც ხშირი ბალახია გაზრდილი. ამ მინდორში დაიკარგა ბურთი, რომლითაც თამაშობდნენ ბავშვები. საჭირო იყო 6 შემოთავაზებული ვარიანტიდან ადამიანის ყველაზე ეფექტური სამოძრაო ტრაექტორიის არჩევა ბურთის საპოვნელად.

ათასობით ბავშვისათვის ამ ტესტის მიწოდებით მან მოახდინა ბინეს ტესტის ადაპტირება აშშ-ის სკოლის მოსწავლეებისათვის, სტანდარტიზება გაუკეთა ტესტის გამოყენებას და შეიმუშავა ასაკობრივი ნორმები. 1916 წელს მან გამოაქვეყნა ბინეს ტესტის სტენფორდისეული რევიზირებული ვარიანტი, რომელიც, ჩვეულებრივ, მოიხსენიება, როგორც სტენფორდ- ბინეს ინტელექტის სკალა.

ამ ახალი ტესტით ტერმენმა საფუძველი მოამზადა ისეთი ცნებისთვის, როგორიცაა ინტელექტის კოეფიციენტი, ანუ IQ (ტერმინი, რომელიც 1914 წელს შტერნმა შემოიტანა). IQ არის გონებრივი ასაკის შეფარდება ქრონოლოგიურ ასაკთან, გამრავლებული 100-ზე:

IQ = გონებრივი ასაკი ÷ ქრონოლოგიური ასაკი×100

ბავშვს, რომლის ქრონოლოგიური ასაკი 8 წელია და რომლის ტესტის ქულებმა აჩვენა გონებრივი ასაკი 10 წელი, IQ 125 (10:8×100=125) ექნება, ხოლო იგივე ქრონოლოგიური ასაკის ბავშვს, რომელმაც ტესტი 6 წლის ბავშვის დონეზე შეასრულა, IQ 75 (6:8×100=75) ექნება; ინდივიდებს, რომლებმაც შეასრულეს თავისი ასაკისათვის შესაბამისი გონებრივი ტესტი, IQ 100 ექნებათ. ამრიგად, 100 ქულა საშუალო IQ-ად იქნა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

• ინდივიდის IQ არის დაახლოებით 70-75 ან უფრო დაბალი;

• დასტურდება მნიშვნელოვანი უნარშეზღუდულობა 2, ან მეტი საადაპტაციო უნარის სფეროში;

ეს სფეროებია:

კომუნიკაცია _ ლინგვისტური და არალინგვისტური (მაგალითად, სახის გამომეტყველება) საშუალებებით ინფორმაციის გაგებისა და გამოხატვის უნართან დაკავშირებული ჩვევები;

თავის მოვლა_ ტუალეტის, კვების, ჩაცმის, ჰიგიენის და გარეგნობაზე ზრუნვის ჩვევები;

საოჯახო ყოფა_ სახლში ფუნქციონირების ჩვევები, როგორიც არის საოჯახო მეურნეობის გაძღოლა და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;

სოციალური _ სხვა ადამიანებთან სოციალური ურთიერთობის უნარები;

კომუნალური რესურსებით სარგებლობა _ კომუნალური რესურსებით სარგებლობის უნარი, როგორიც არის სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე სიარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება;

საკუთარი თავის მართვა _ გადაწყვეტილების მიღებისა და დახმარების მოძიებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები;

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება _ საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ჩვევები;

ფუნქციონალური მიმართულების ცოდნა _ აკადემიური საგნების ათვისებასთან დაკავშირებული უნარები (როგორიც არის
კითხვა და მათემატიკა), რასაც წვლილი შეაქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისას მიზნის განხორციელებაში;

თავისუფალი დრო (მოცალეობა) _ თავისუფალი დროის გამოყენებისა და დასვენების ინტერესებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები;

სამუშაო _ ნაწილობრივი ან სრული დატვირთვით მუშაობასთან დაკავშირებული უნარები.

• ჩამორჩენილობა ვლინდება 18 წლამდე ასაკში.

IQ სტენფორდ-ბინეს ახალი ტესტი მალე გადაიქცა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიის და სასწავლო კონსულტირების სტანდარტულ ინსტრუმენტად. ეს ტესტი შეიცავს მთელ რიგ სუბტესტებს, რომელიც კონკრეტულ გონებრივ ასაკზეა მორგებული და რომელთაც მცირე რევიზიათა ჩაუტარდათ 1937, 1960 და 1972 წლებში, რათა მიღწეულიყო სამი მიზანი:

(1) მცირეწლოვანი ბავშვებისა და ძალზე გონიერი ზრდასრულების
IQის გასაზომად გაფართოებულიყო ტესტის დიაპაზონი;

(2)განახლებულიყო ლექსიკური მარაგის პუნქტები, რომელთა სირთულე საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებათა კვალდაკვალ იცვლება;

(3)განახლებულიყო ნორმებისა და ასაკის შესაბამისი საშუალო ქულები. სტენფორდ ბინეს ტესტის უკანასკნელი, მე-4 გამოცემა ტესტის ვალიდობის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება, რომელთაც უზრუნველყოფს IQ–ს ზუსტ გაზომვას როგორც შესრულების ნორმალური რანგის მქონე ინდივიდებისათვის, ისე, ფსიქიკური ფუნქციონირების პრობლემების მქონე, ან ნიჭიერი ინდივიდებისათვის.

ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ სტენფორდ–ბინეს სკალის გამოყენება უკვე შესაძელებელი გახდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფში: 2დან 22 წლამდე. ტესტები მოიცავდა შესაძლებლობების ფართო დიაპაზონის განსასაზღვრ დავალებებს– დაწყებული ელემენტარული მანიპულაციებიდან დამთავრებული აბსტრაქტული მსჯელობებით.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ IQ ქულები უკვე აღარ მიიღება გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკზე გაყოფით. თუ ტესტს დღეს ჩაიტარებთ, თქვენი ქულები შეჯამდება და პირდაპირ მოხდება მათი შედარება თქვენი ასაკის სხვა ადამიანთა ქულებთან.

ავტორი: მარიამ მაისურაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply