ბედნიერება წამის სიყვარულშია

0

მინდა გიამბოთ სხივებზე – მარადციმციმა გრძნობებზე.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საოცნებო სიზმარსაც კი ადრე თუ გვიან დასასრული აქვს. ის გმირები, რომლებიც წამიერად ჩნდებიან შენს წარმოსახვაში, წამიერადვე ქრებიან და უჩინარდებიან, თუმცა სამუდამოდ გამახსოვრებენ თავს. შენ კი ამ მოგონებებით ცდილობ ახალი კადრების შექმნას და ფიქრობ, რა იქნებოდა ამ ყველაფერს რეალობის სახე რომ მიეღო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ინტერესთან ერთად შიშიც გიპყრობს, ვაითუ ეს საყვარელი გმირები დედამიწის ჰაერმა შთანთქოს და მიწეირი არსებების რიგს შეუერთოსო, თუმცა ყველაზე  მაგარი შეგრძნება ისაა, რომ ყველანაირი შიში და დაძაბულობა ქრება, როცა სხივ’ნარა სიტყვები ჯერ გონებას, შემდეგ კი გულს იპყრობს და გახსენებს, რომ ბედნიერება წამის სიყვარულშია, ეს წამი კი მზის ციმციმა სხივებში.

დილა ჩვეულებრივად იწყება. საყვარელი ნამცხვრების სურნელი ჯერ მთელ სხეულს მიბრუებს, შემდეგ კარგ ხასიათზე მაყენებს და ბოლოს, პოზიტივით სავსე სხივნარა ადგილისკენ მაცილებს. ალბათ, მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ მოიპოვება ადგილი, რაც ჩემს საყვარელ მიდამოებს ჩაანაცვლებს, რადგან ამ ყველაფრის სურნელიც კი ჩემი სიცოცხლის მამოძრავებელი ძალაა. ახლაც, როგორც ადრე, ბედნიერი მივაბიჯებ ქუჩის უსწორმასწორო გზებს და ვცდილობ არ შევიმჩნიო თუ როგორ მახალისებს მზის სხივების საოცარი ნათება. არ მინდა რომ შემამჩნიონ, რადგან ვფიქრობ, საზოგადოება ამას ვერ გაიგებს. ვერ გაიგებს, რომ ბედნიერება წამის სიყვარულშია. ფერადფერად პეპლებს სხვადასხვანაირი ფიქრები მოაქვთ და მთელ გონებას იპყრობენ. აქეთ–იქით დაფარფატებენ და აზრიდან აზრზე გადადიან. მე კი ამასობაში ვუახლოვდები სანატრელ ადგილს… მუხა ბატონი მედიდურად დგას და ტოტებს შორის მოქცეულ გვირილებს მზრუნველი გულით იცავს. ბაბუაწვერებიც გვერდს უმშვენებენ საქალბატონე გვირილებს და ქარის პატარა მონაბერით იფანტებიან გზადაკარგული სურვილებივით. ამ ყველაფერს ერთად და თითოეულს ცალ–ცალკე მზის სხივნარა სხივები პატრონობენ და დედაშვილურად მფარველობენ. მივდივარ, ვჯდები ხის ძირას და ირგვლივ არსებული ბუნებით ვტკბები. წამიერად კი უამრავი ფარფატა ფიქრი იყრის თავს და ჩემი სხეული მთლიანად გადადის ბედნიერების გულში. ეს ის გულია, რაზეც მხოლოდ ლეგენდები დადის, მაგრამ მხოლოდ იშვიათმა ადამიანმა თუ იცის რომ რელურ სამყაროშიც არსებობს მსგავსი შემთხვევები. უბრალოდ დრო და ადგილია მთავარი. ჩემი ბედნიერების ადგილი კი სწორედ ესაა.

დაახლოებით 2 საათი ვზივარ ასე და ვხედავ თუ როგორ ფარფატებს ყვითელი პეპელა ჩემ ირგვლივ. მინდა დავიჭირო და ახლოდან ვნახო რა საოცარი ფერისაცაა, მაგრამ ვიცი, რომ ეს მას დააზიანებს და თავს ვიკავებ. უეცრად მობილური რეკავს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე არახელსაყრელი დროა რაც კი შეიძლება ოდესმე არსებობდეს, მაგრამ მაინც ვპასუხობ. სახლში მიხმობენ. გამოცდებისკენ მიხმობენ.
ვდგები. ნელი ნაბიჯით მოვდივარ, გულს მუხა ბატონთან ვტოვებ და სხივნარა სხივებს მივყვები. ვუფიქრდები და ვააანალიზებ, რომ მე ბედნიერების 7200 წამი დავიჭირე და აღფრთოვანებისგან თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვიკივლო. ამდროს კი გვერდზე ორი ადამიანი სწრაფი ნაბიჯით მივლის, მაგრამ ერთ–ერთი მათგანის სიტყვები ისე აშკარად მესმის, თითქოს არც მოძრაობს. ,,ეს ის სხივნარა…’’ ისე იპყრობს ყურადღებას, რომ მხოლოდ გვიან ვააანალიზებ როგორ ავუჩქარე ნაბიჯს, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ორივე გმირი წამებში ქრება, ის მიდამოც უჩინარდება და ვრჩები მხოლოდ მე… ვიღაცის მიერ გასროლილი ფრაზით ხელში: ,,ეს ის სხივნარა.”

-Anenn

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply