ბავშვის აღზრდა – გიორგი გურჯიევი

0

შეკითხვა: არსებობს ბავშვის აღზრდის მეთოდი, რომლის არსს ძილის წინ შთაგონების გამოყენება წარმოადგენს, რას იტყოდით ამაზე?

პასუხი: ამგვარი აღზრდა სხვა არაფერია, თუ არა თანმიმდევრული მოწამვლა. იგი უკანასკნელ ზომამდე ანადგურებს ნებისყოფას. აღზრდა ძალზედ ძნელი რამაა და იგი მრავალმხრივი უნდა იყოს. მაგალითად, შეცდომა იქნება თუ ბავშვებს მხოლოდ ფიზიკურ სავარჯიშოებს მივცემთ და სხვა არაფერს.

ზოგადად აღზრდა, სამწუხაროდ, მხოლოდ გონების განვითარებით შემოიფარგლება. ბავშვებს აძალებენ დაიზეპირონ ლექსები თუთიყუშებივით, თანაც ისე რომ ხშირად მას არაფერი ესმის და მშობლებს უხარიათ, თუკი მათი პატარა ამას ახერხებს. ასევე მექანიკურად სწავლობს იგი სკოლაშიც და როცა გამოცდასაც ჩააბარებს, მას კვლავ არაფერი ესმის და ვერც ვერაფერს გრძნობს. აზროვნების თვალსაზრისით იგი მოზრდილი, 40 წლის ადამიანია, თავისი არსით კი იგი 10 წლის ბავშვად რჩება. აზროვნებაში იგი არაფერს უფრთხის, თუმცა თავისი არსებით მფრთხალია.

მისი მორალი წმინდად მექანიკური და მხოლოდ ფორმალურია. როგორც ლექსები დაიზუთხა და დაიზეპირა გაუაზრებლად, ისევე გაიზუთხა მორალიც. ბავშვის არსება, მისი შინაგანი ცხოვრება, თავის ნებაზე, თვითდინებაზეა მიშვებული, რაიმე ზემოქმედების, ვისიმე ხელმძღვანელობის თუ მართვის გარეშე, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის მიმართ გულწრფელია, იგი ასკვნის, რომ მოზრდილებს ისეთივე მცირეოდენი მორალი აქვთ, როგორც ბავშვებს: ჩვენი მორალი სრულიად თეორიული და ავტომატურია, მაგრამ როდესაც ნამდვილად გურწფელნი ვართ, შეგვიძლია დავინახოთ და შევიგრძნოთ, თუ რამდენად ცუდები ვართ.

აღზრდა მხოლოდ ის ნიღაბია, რომელსაც ჩვენს ბუნებასთან არაფერი აქვს საერთო. ადამიანებს ჰგონიათ, რომ აღზრდის რომელიმე მეთოდი უკეთესია, ვიდრე სხვა . სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ ერთი მნიშვნელობისანი არიან, ჩვენ, ყველანი ერთნაირები ვართ, მხოლოდ ძალიან სწრაფად ვახერხებთ იმას, რომ შევამჩნიოთ სხვისი ნაკლი, ჩვენივე მძიმე შეცდომების მიმართ კი ბრმანი ვართ. თუ ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, მაშინ სხვის მდგომარეობაში შესვლასაც მოვახერხებთ და ამ დროს მივხვდებით, რომ სხვებზე უკეთესები არა ვართ. თუ გსურთ უკეთესები იყოთ, მაშინ დაეხმარეთ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს. დღესდღეობით კი ადამიანები ერთმანეთს უშლიან ხელს და აბრკოლებენ. ერთ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არ შეუძლია მეორეს დაეხმაროს და ფეხზე წამოაყენოს, რადგან მას იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ საკუთარ თავს დაეხმაროს.
თავდაპირველად საკუთარ თავზე უნდა დაფიქრდეთ, საკუთარ თავს უნდა მიესწრაფოთ, ჩაუღრმავდეთ. თქვენ ეგოისტი უნდა იყოთ, ეგოიზმი უანგარობის პირველი ეტაპია, ქრისტიანობის გზაზე. რასაკვირველია, ეს ეგოიზმი კარგი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რომელიც კეთილი მიზნის მიღწევაში შეგვიწყობს ხელს. ეს ძალიან ძნელია. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით როგორ ხდება ადამიანი ჩვეულებრივი ეგოისტი, და სწორედ ამითაა განპირობებული დღევანდელი მდგომარეობა, ის სიტუაცია, რომელშიაც ამჟამად ვიმყოფებით. ბავშვები მუდამ ჩვენი თავების მიხედვით უნდა შევაფასოთ.

თუ ბავშვისთვის სიკეთე გსურთ, აუცილებელია თქვენი საკუთარი თავისთვის გსურდეთ სიკეთე, რადგან თუ თქვენ უკეთესობისკენ შეიცვლებით, თქვენი ბავშვებიც უკეთესობისკენ შეიცვლებიან. მათივე სასიკეთო მომავლის გულისთვის, ბავშვები დროებით უნდა დაივიწყოთ და საკუთარ თავებს მიხედოთ.

როდესაც ჩვენი თავით კმაყოფილი ვართ, შეგვიძლია ბავშვების აღზრდა უწინდებურად მშვიდად გავაგრძელოთ, მაგრამ ვართ კი ჩვენი თავით კმაყოფილი?

ჩვენ მუდამ ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ და მაგალითად საკუთარი თავი მოვიყვანოთ, რადგან სხვა ადამიანს ვერ ჩავწვდებით იმ ნიღბის გამო,რომელსაც იგი ატარებს. როდესაც საკუთარ თავს ჩავწვდებითა განვჭვრეტთ, მხოლოდ მაშინ გავიგებთ სხვათა შინაგან ბუნებას, რადგან შინაგანად ყველა ადამიანი მსგავსია, თანაბარია: სხვებიც ისეთივენი არიან როგორებიც ჩვენ ვართ. მათაც აქვთ კეთილი ზრახვები, რომ გახდნენ უკეთესები და არ შეუძლიათ ეს. ეს მათთვისაც ისევე ძნელია, როგორც ჩვენთვის. ისინი ისეთივე უბედურები არიან და ისეთივე სინანულისა და მონანიების უნარი გააჩნიათ, როგორც ჩვენ. თუ თქვენ გეცოდებათ საკუთარი თავის, მაშინ მომავლის გულისთვის სხვებიც უნდა შეიცოდოთ და გებრალებოდეთ.

უდიდესი შეცდომაა ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ ბავშვის აღზრდას მაშინ, როცა ეჭვის შეტანას ვიწყებთ ამ აღზრდაში, გწამდეთ იმისი, რასაც აკეთებთ, განეწყვეთ პასუხისმგებლობის გრძნობით და ეჭვების საფუძველიც აღარ გექნებათ.

კანონი მოითხოვს, რომ თქვენმა ბავშვმა სკოლაში იაროს. დაე, წავიდეს! მაგრამ თქვენ, როგორც მამა, სკოლას არ დასჯერდეთ, მხოლოდ სკოლით არ შემოიფარგლოთ. საკუთარი გამოცდილებით იცით, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნას, ინფორმაციას იძლევა და მხოლოდ ერთ ცენტრს ავითარებს. ამიტომ უნდა ეცადოთ, ამ ცოდნას სიცოცხლე მიანიჭოთ და ხარვეზები შეავსოთ. მართალია ეს მხოლოდ კომპრომისია, მაგრამ ზოგჯერ კომპრომისიც დიდ მნიშვნელობას იძენს.

შეკითხვა: როგორ გავუძღვეთ ბავშვის აღზრდას, როგორ ვუხელმძღვანელოთ მას?

პასუხი: საერთოდ, ბავშვის აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს იმ პრინციპს, რომ ყოველივე მისი ნება-სურვილიდან გამომდინარეობდეს. არაფერი არ უნდა მივაწოდოთ მას მზა და დასრულებული, პირდაპირი ფორმით. ბავშვს შეიძლება მხოლოდ წარმოდგენა შევუქმნათ, წარვმართოთ მისი მოქმედება, ანდა მივცეთ არაპირდაპირი მისახვედრი, მისანიშნებელი მითითებები, რომლის დროსაც შორიდან ვიწყებთ და ერთი პუნქტიდან მეორეზე გადავდივართ. მე არასდროს არ ვასწავლი პირდაპირ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მოსწავლეები ვერაფერს ისწავლიდნენ. როდესაც მსურს რომ მოსწავლე შეიცვალოს, გარდაიქმნას, მე შორიდან ვუვლი, ანდა სხვა ვინმეს მივმართავ და იგი ამით სწავლობს. ხოლო როდესაც ბავშვს პირდაპირ ვესაუბრებით, მზა ფორმით ვასწავლით იგი მექანიკურ აღზრდას მიიღებს და საბოლოოდ ასეთივე მექანიკური გამოვლინებები ექნება.

წიგნიდან: “ჭეშმარიტების სამყაროში”

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply