ბავშვებზე ძალადობა და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები

0

ბავშვებზე ძალადობა თანამედროვე რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. გავრცელებულია ძალადობის 5 ტიპი:

  • სიტყვიერი ძალადობა
  • ემოციური (ფსიქოლოგიური ძალადობა)
  • ფიზიკური ძალადობა
  • სექსუალური ძალადობა
  • კიბერძალადობა

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჩამოთვლილი სახეებიდან ყველაზე მეტად სიტყვიერი/ფსიქოლოგიური ძალადობა გვხვდება, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მშობლები, ოჯახის წევრები და თანატოლები ახორციელებენ.

კონკრეტულად, სიტყვიერი ძალადობა ბავშვისკენ მიმართული დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი რეპლიკების, განცხადებების ფორმით გამოიხატება. მშობლის მიერ გაცემული გაუაზრებელი შეფასებები კი ხშირად მოზარდის თვითშეფასებაზე ნეგატიურად მოქმედებს, ზრდის სიმორცხვეს, აფერხებს სოციალური უნარების განვითარებას, უკლავს მოტივაციასა და პიროვნულობის განცდას.

ემოციური ძალადობა გვევლინება როგორც სიტყვიერი, ასევე ქცევითი ზემოქმედებებით. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოხატულებაა ბავშვთან ურთიერთობის ისეთი ფორმის გამოყენება, რომელიც მასში ემოციურ დაძაბულობას, დისკომფორტს იწვევს.  ეს შეიძლება იყოს მისთვის სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, დაშინება, იზოლირება, ზედმეტი კონტროლი, დაცინვა, ასაკითვის შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება, დასჯით დამუქრება…

სამწუხაროდ, ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდება როგორც ოჯახში, ასევე ბაღში, სკოლაში. უნდა აღინიშნოს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია არაკორექტული შენიშვნის მიღება ჯგუფის/კლასის თვალწინ.  სკოლის ასაკში კი, როგორც ვიცით,  ბავშვის პიროვნება სრულყოფილად ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არაა, სწორედ ამიტომ იგი განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა მისკენ მიმართული შეფასებების მიმართ, ობიექტურად იიღებს მშობლის/მასწავლებლის ხშირად გაუაზრებლად ნათქვამ, უხეშ დახასიათებას და გულწრფელად იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთივე „ცუდია“, როგორადაც წარმოაჩინეს.

ბავშვისადმი ეს დამოკიდებულება პირდაპირი გზით ასტიმულირებს მასსა და  გარემოს შორის კავშირის დაკარგვას. იწყება როგორც შინაგანი, ასევე სოციალური კონფლიქტის ესკალაცია და რიგი ფსიქიკური პრობლემების ჩამოყალიბება. ხშირია შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლი ბავშვები წლების შემდეგ ისეთივე „მოძალადე მშობლებად“ ყალიბდებიან, ისეთივე დაძაბულ ფონს ქმნიან თავიან ოჯახებში, როგორებშიც თვითონ აღიზარდნენ.

იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.

უპირველეს ყოვლისა, დავივიწყოთ ფიზიკური დასჯა, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ტკივილი კი ბავშვს  დანაშაულის განცდას ავიწყებს. გამოვიყენოთ აღზრდის პოზიტიური მეთოდები დასჯის გარეშე, პარალელურად  შევიმუშავოთ დისციპლინარული ზომები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ძალადობის მინიმალურ გამოვლინებებსაც კი. ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, თუ  რატომ არის მისი საქციელი არასწორი და კონკრეტულად რა უნდა შეცვალოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი ავარიდოთ სხვის მიმართ განხორცილებულ ძალადობასაც  და ჯანსაღი, თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება მას ბედნიერ, ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანად აქცევს.

კომენტარები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

Leave A Reply