ახალგაზრდა ქართველი მოგზაური, რომელსაც საკუთარი ტურისტული კომპანია აქვს

0

საქართველოში ბევრ წარმატებულ ახალგაზრდას შეხვდებით, რომლებიც თავიანთი შრომით საწადელს აღწევენ. შრომა და მიზანდასახულობა რომ ყველაზე მთავარია , ამას წყალი არ გაუვა, სწორედ ასე ფიქრობს ადამიანი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, იძენს უამრავ უცხოელ მეგობარს, აცნობს თითოეულ მათგანს საქართველოს და თავადაც ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას.

ტიტე მიქაძე 23 წლის ახალგაზრდა მოგზაურია, რომელსაც თბილისში საკუთარი ტურისტული კომპანია „Qatar Tourist Georgia“აქვს. მოგზაურობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, ის თავდაპირველად სასტუმროში მუშაობდა, თუმცა ამავდროულად ფიქრობდა, როგორ ექცია რეალობად საკუთარი ოცნებები. ტიტეს კარგად ახსოვს 2012 წელი, როდესაც პირველი ტური საკუთარი ხარჯებით გააკეთა, მას შემდეგ სვლას განაგრძობს და 2016 წლის იანვარში უკვე საკუთარ ოფისში შეუძლია მასპინძლობა გაუწიოს მომხმარებელს. ამჟამად კომპანიას 7 უცხოური კომპანია ჰყავს პარტნიორად. უფრო დაწვრილებით ამ ყველაფერს თავად ტიტე გვიამბობს:

დავიწყებ იქედან,რომ მოგზაურობაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი და ვოცნებობდი. ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა ქვეყნის ისტორია. ბავშვობაში ხშირად ვეცნობოდი სიახლეებს ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებული წეს-ჩვეულებები, ისტორია და ცხოვრების ნირი ჰქონდათ.

წლების შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში დავიწყე მუშაობა, ჩემდა სასიხარულოდ, ხშირად ვხვდებოდი უცხოელ ტურისტებს, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ მოგზაურობით, მეც გადავწყვიტე ჩემი ბავშვობის ოცნებისთვის ფრთები შემესხა და სისრულეში მომეყვანა.

მოგზაურობასთან ერთად მინდოდა ვყოფილიყავი შრომაზე ორიენტირებული, წარმატებული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა საკუთარი საქმე და იმოგზაურებდა.
თუ როგორ გავაკეთე პირველი ტური დღემდე მახსოვს, უცხოელების გაცნობის დროს მათ გავეცანი როგორც გიდი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ სხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. არ მქონდა გამოცდილება, მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური ენა ვიცოდი. მათი დათანხმების შემდეგ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა მეგობარმა მომცა და ჯვარზე ავედით. ეს ყველაფერი ოთხი წლის წინ მოხდა და შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ამ დღემ ჩემი ცხოვრება მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც შეცვალა, რადგან ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც მიყვარს.

თანდათან ვვითარდებით, ვიხვეწებით, ბევრი რამ ჯერ კიდევ გეგმაში მაქვს და იმედია, სისრულეში მოვიყვან. რაც შეეხება უშუალოდ მოგზაურობას, ამით ძალიან დიდ სიაოვნებას ვიღებ და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს დრო და შესაძლებლობა გავეცნო მსოფლიოს. ჩვენ უკვე შვიდი უცხოური ტურისტული კომპანია გვყავს ბინეს-პარტნიორად.

ბედნიერი ვარ, როცა საზღვარგარეთ ქართველები მხვდებიან , მათ დიდი სიყვარულით ვესაუბრები ხოლმე, ასეთი რამ, თუ დააკვირდებით, მარტო ქართველებმა ვიცით, თუ არ გჯერათ დააკვირდით, რამდენი ინგლისელი, ამერიკელი, იაპონელი, ან სხვა ეროვნების ადამიანი ხვდება ერთმანეთს, მაგრამ არც კი ესალმება, გვერდს ისე ჩაუვლის.

უნდ აღვნიშნო ისიც, რომ ერთი თვის წინ დავგეგმეთ ახალი ტური და პირველად წავიყვანეთ ტურისტები სოფელში, ისინი აღფთოვანებულები დარჩნენ, ბუნებით, მოეწონათ სუფთა ჰაერი და რაც მთავარია კერძები. მახარებს ისიც, რომ დავასაქმეთ სოფლად მცხოვრები რამდენიმე ოჯახი, რომლებიც კერძებს უმზადებდნენ უცხოელებს და ზოგჯერ ცხენითაც ასეირნებდნენ. ვფიქრობ, ამ ტურს კვლავ გავაგრძელებთ. საქართველოში ვართ პირველები, რომლებმაც ეს ტური მოვაწყვეთ უცხოელებისთვის და სწორედ ასეთი ორიგინალურობა გვეხმარება კონკურენციის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.

მიმაჩნია, რომ წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი, ყოველთვის მიაღწევს იმას, რაც უნდა, მე ამ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე. ვისურვებდი, თქვენ ჩემზე მეტად წარმატებულნი ყოფილიყავით. ყოველთვის გამიხარდება ქართველის წინსვლა. მიხარია ის, რომ ავიხდინე ჩემი ოცნება და ასევე მახარებს ის, რომ ბევრ ქართველსაც შემიძლია ავუხდინო ოცნება და დავეხმარო მსოფლიოს მონახულებაში.

ესაუბრა: მარიამ ნებიერიძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply