არ ვარ მე იმნაირი

1

ყველაფერი ვითომ მარტივად დაიწყო, სამყაროს შექმნასავით ვითომ მარტივად. არც მტვრის ნაწილაკები არ დაჯახებიან ერთმანეთს და არც ქაოსი და სიბნელე არ ყოფილა, უბრალოდ იყო ერთი საცობი, ძალიან დიდი საცობი. ამ საცობში ვიყავი მე, კიდევ ის, იმის ის, და მოკლედ ბევრინი ვიყავით რა. რა უნდა გააკეთო გასაცოდავებულმა და გასაცობებულმა უყურსასმენომ და ჩათაში ხარახურა ქსეროქსებიანმა გოგომ, როცა ტელეფონიც კი გიჯდება. არაფერი ისეთი. უნდა ელოდო. ან კიდევ უნდა ელოდო. ან შეგიძლია დაელოდო. ა, ხო, ისიც შეგიძლია რომ დაელოდო. ამასობაში თუ გაგიმართლა და გაყურსული მგზავრებიდან ვინმემ ლაპარაკი წამოიწყო უნდა მოუსმინო, თანაც ეს შენს უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში- ლოდინში, სულაც არ შეგიშლის ხელს.

მე გამიმართლა, ვიღაც ალაპარაკდა. ჩემი ტოლია ალბათ. ისეთი ხმით ლაპარაკობს ან თათკა ერქმევა, ან ნინჩო, ან ტასუკა, მაგრამ შეიძლება ლაურაც იყოს ან ლამზირა, აბა მე რა ვიცი. მოკლედ ვუსმენ, ის გვერდით მჯდომს ელაპარაკება:

-პროსტა, ფეხქვეშ გათელა ჩემი გრძნობა და სამუდამო მარტოობისთვის გამიმეტა.

-დამშვიდდი ნინჩ- აჰა ხომ ვთქვი, სახელი გამოვიცანი თითქმის. არის ჩემში რაღაც ვანგური. ან ვანგისებური, რომელია სწორი არ ვიცი.

-არ ვაპატიებ, როგორც წინაზე გამიკეთა ისე რომ ქნას მაინც არ ვაპატიებ, რაში მჭირდება მაგისი ვარდები და სერენადები, ან კინოში ვერ წავალ მარტო? ან თეატრში ვერ დავაწვები? ან კუს ტბაზე ვერ ავალ მანქანით თუ რა?

– კი კი, შეძლებ. მართლა ყველა კაცი ერთნაირია რა.

ვიღაცამ ჩემს ზურგს უკან ჩაიფხუკუნა, ეს იყო ფხუკუნი დაცინვასა და ირონიას შორის. მე შევბრუნდი და დავინახე ჩვეულებრივი ბიჭი, სამყაროს შექმნასავით მარტვად რომ შექმნეს მშობლებმა. ჩვეულებრივი ქუდი ეფარა, ჩვეულებრივი ქურთუკი ეცვა და ჩვეულებრივი წვერი ჰქონდა. ის არ გავდა იმ ბიჭს, რომელიც სერენადას უმღერებდა გოგონას, ის არც კუს ტბაზე აიყვანდა შეყვარებულს, არც ყვავილებს მიართმევდა ალბათ. ის ზედმეტად ჩვეულებრივი იყო. ვხედავ ესეც კაცია, მაგრამ არ უნდა იყოს იმნაირი.

ვხედავ კონტროლიორს, დაღლილი მზერით და ჩაცვენილი უპეებით, მგონია, რომ ვიღაც ძვირფასი ელოდება სახლში და ეს კი აქაა, იგვიანებს. ეს სულაც არ გავს იმ კონტროლიორს ცივი მზერით, მე რომ პირადობის მოწმობის არქონის გამო დამაჯარიმა. ვხედავ ესეც კონტროლიორია, მაგრამ არ უნდა იყოს იმნაირი.

ვხედავ ავტობუსის დაორთქლილი მინებიდან ჯიპზე მომჯდარ მამაოს. მესმის როგორ ,,შეუკურხთა“ წინა მანქანის მძღოლს. ეს სულაც არ გავს იმ მოძღვარს, მე რომ ოლარი დამადო თავზე და მოგეტევებაო მითხრა, მერე ისიც რომ დააყოლა შენთვის ვილოცებო და გამიღიმა. ახლა ვხედავ ესეც მამაოა, მაგრამ არ უნდა იყოს იმნაირი.

ვხედავ ხოლმე 2008 წლის ომის კადრებში რუს ჯარისკაცებს, უნიტაზებს რომ ეზიდებოდნენ და ქართველ ტყვეებს წიხლ ქვეშ იგდებდნენ. მე ვხედავ ასეთ რუსებს, მაგრამ ვერ შევიძულებ რუს, რომელმაც ,,ანა კარენინა“ დაწერა. ეს ვერ იქნებოდა იმნაირი.

მიყვარს ქართველი, რომელმაც 26 წლის განმავლობაში აგროვა და შეინახა ქართული საგანძური ემიგრაციაში, მაგრამ ისიც ქართველი იყო ონის მუზეუმი რომ გაძარცვა და თურქეთში გაყიდა უძველესი ექსპონანტები. ეს ვერ იქნებოდა იმნაირი.

ვხედავ მამაჩემის ერთგულებას დედაჩემისადმი და ვიცი, რომ ის ვერ იქნებოდა 37 მანეთად დონეცკებში გადაფრენილი ქართველი მუჟიკი. ვერ იქნებოდა იმნაირი.

ერთ ქვაბში ვერ ვყრი ამ ბიჭს ჩვეულებრივი ქუდით და იმ ბიჭს, რომელმაც ეს გოგონა მიატოვა. ვერც ამ ,,ზრდილობიან“ მამაოსა და ჩემს მოძღვარს. ისინი ერთ ქვაბში რომც ჩაიყარონ იქ ერთად ვერც მოიხარშებიან.

საცობი დამთავრდა ისევე ,,ვითომ მარტივად“ როგორც სამყარო შეიქმნა ადრე. ავტობუსი მალე მივა ჩემს გაჩერეაზე, მოუხვია, წავბორზიკდი და ხელი ჩავჭიდე რაღაცას მეც არ ვიცი. ეს რაღაცა შემოტრიალდა და ,,ფრთხილადო“ მითხრა, მერე გამიღიმა, მერე გავუღიმე, ეს ბიჭი იყო არაჩვეულებრივი ქუდით და არაჩვეულებრივი წვერით. ეს ბიჭი ნამდვილად არ იყო იმნაირი.

გაზიარება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების, მე-3 კურსის სტუდენტი, ბლოგერი. “ოთხი მოტივის” გუნდის წევრი.

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. არაჩვეულებრივი სტატიაა…
    ყველანაირად ვეთანხმები ავტორს..
    ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება, არც მოიხარშებიან..
    მადლობა, კარგი იყო

Leave A Reply