ანგელოზი,რომელსაც ჩიტის ფრთები ჰქონდა

0

ზამთარმა ფაფუკი საბანი გადააფარა ჩემს ქალაქს…ქათქათა ფანტელი ისე შემოახვია ხეებს, მომინდა მხატვარი ვყოფილიყავი და ზამთრის ფერებში დამეხატა ჩემი სათქმელიც…

გვიან ღამით ბავშვის ტირილმა გამაღვიძა.როგორც ჩანს ტკბილი ზღაპრის ქვეყანაში ბოროტმა დევებმა შეაშინეს.მეც დამავიწყდა მისთვის საღამოს ლოცვა წამეკითხა და ვიფიქრე ალბათ ამიტომ სძლია შიშმა – მეთქი… ვერც მე დავხუჭე თვალი. მამის პერანგში გამოწყობილი მთელი ღამე ვეზიდებოდი შეშას.სითბო ტრიალებდა ოთახებში…მერე კი ისე ღრმად ჩამეძინა,ვერ შევამჩნიე,როგორ შემოფრინდა პატარა ჩიტი ჩაკეტილ ფანჯრებში…ჩემს სარკმელთან ჩამომჯდარიყო და…იქნებ ანგელოზი იყო ჩიტის ფრთებით ამიტომაც შემოაღწია ასე ადვილად.განთიადისას მეც შემაშინა ბოროტმა დევებმა…მამის პერანგში გამოწყობილმა ისევ დავიწყე სიარული…ჩემს პატარა ფრინველს კატა დარაჯობდა,მაინც მოვასწარი უბეში ჩამესვა,ჩამემალა… მერე აივანზე გავედი და გავუშვი…ჩემი ფრინველი ცისკენ მიიწევდა, თითქოს ღრუბლებს მიაპობდა ფრენით. საოცარი განწყობა შემექმნა.

უკვე მჯეროდა ჩემთან მოსული ფრინველი ანგელოზი იყო – ჩიტის ფრთებით…ბავშვობიდან გამოუსწორებელმა მეოცნებემ ისიც დავიჯერე,რომ მარტო არასოდეს დავუტოვებივარ ღმერთს…ეს წელი მოულოდნელი სიახლეებით დაიწყო და ვიცოდი ჩემს დასახულ მიზანს ასრულება ეწერა. ცხოვრებაში ხომ მიზნისკენ სწრაფვა და ამ მიზნისთვის ბრძოლაა მთავარი. რასაც ვერანაირი ჯილდო და ფული ვერ იყიდის,მასზე ადამიანმა კი უარი არ უნდა თქვას.დილით რედაქციაში წავედი..რამდენიმე თვეა სტაჟირებას გავდივარ ქალაქის ერთ–ერთ ცნობილ ჟურნალში. ჩემი რედაქტორი თბილი ღიმილით შემხვდა,მითხრა,რომ შტატში ჩამსვა და ახლა მე უკვე მათი ახალი თანამშრომელი ვიყავი. სიხარულს ვერ ვფარავდი.ვფიქრობდი,რომ ღმერთი ხშირად გვიგზავნის გამამხნევებელ ნიშნებს.ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ამ ნიშნების ცნობა.

ახლა თბილ ღუმელთან ვზივარ. მხოლოდ ნაკვერჩხლების ტკაცუნი მესმის და ვფიქრობ…თითქოს ციდან ,რომელიღაც ღმერთი ქათქათა ფანტელებს მაყრის და ჯერ კიდევ გაუთოლავ ადგილებზე ახალ ნაკვალევს ტოვებს.

ავტორი: ვერიკო კვერნაძე ;

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply