ანა – მარია

0

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი,როდესაც, მართალია, პურის ფული არ მქონდა, მაგრამ ჯიბეები ოცნებებით იყო სავსე. ჩავუვლიდი ბრენდულ მაღაზიებს და მინდოდა მეგრძნო, რას ნიშნავს, როდესაც ქუჩაში ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი მიდიხარ. მე მწერალი ვიყავი, ამიტომ მინდოდა, სიტყვებით გადმომეცა დიდებულად ჩაცმული ქალის ფიქრები,მაგრამ ხელები ცარიელ ჯიბეში მეწყო. მეგობრებიც არ მყავდა, მათ რომ მაინც გაეთბოთ ჩემი ღარიბი სული.

ხშირად დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარე პატარა სამების ეკლესიაში.ის იყო ჩემი თავშესაფარი. ვფიქრობ, როდესაც ადამიანი ღარიბია, მის სულში უამრავი ყვავილი იღვიძებს. ყვავილებს სხვადასხვა სურნელი აქვთ. უნდა შეძლო და ღირსეულად გაუძლო გაჭირვებას – პიროვნული სიძლიერე ხომ ასე ყალიბდება. მე კი დავეხეტებოდი ქუჩა–ქუჩა. ყველგან მეცვა სტუდენტობის დროინდელი ტანსაცმელი და ვეძებდი სამსახურს. ვფიქრობდი, ბედი გამიღიმებდა.

ერთხელ, ტაძარში, ჩემი ასაკის გოგონა შევნიშნე, რომელიც შანდლებს ასუფთავებდა და ჩამწვარ სანთლებს პატარა რკინის ყუთში ათავსებდა. ძველი კაბა და დახეული ფეხსაცმელი ეცვა. ამიტომ ჩემი კაბები მივუტანე საჩუქრად. ძალიან გაუხარდა. მაშინვე ამოალაგა ტანსაცმელი და ტაში შემოჰკრა. ცისფერი მაქმანისაგან შეკერილი ქვედაბოლო განსაკუთრებით მოეწონა, ტანზე მიიზომა და ოქროსფერ ფოთლებში გაუჩინარდა.

მას შემდეგ ყოველთვის ჩემი ნაჩუქარი კაბებით მოდიოდა ტაძარში ანა – მარია. შემოდგომის წვიმებისათვის რომ ვინახავდი, ის ლამაზი ფეხსაცმელი ეცვა. გოგონა ზოგჯერ გალობდა,ზოგჯერ ეკლესიაში საქმიანად ფუსფუსებდა. იყო მასში ძალიან მიმზიდველი ქალურობა და სილამაზე.მე კი ვფიქრობდი, რადგან მისი გახარება შევძელი,სულაც არ ვიყავი ღარიბი. ახლა უკვე ვიცოდი, რას გრძნობენ ქალები,როდესაც მათთვის მოსაწონი სამოსი აცვიათ.

საღამოობითაც ერთად ვსეირნობდით მე და ანა – მარია. ის ცისფერ კაბებს იცვამდა კვლავ . მე ახლა უკვე ყვითელი ფოთლებით მქონდა გადავსებული ჯიბეები. შემდეგ დაუბერა ქარმა. მოიბუზნენ ჩიტები.ზამთრის დადგომისთანავე ბებოს ნაქონი პალტოც ვუსახსოვრე. მას კი ისევ გაუთბა ხელები. მერე მე გარინდებით ვიჯექი ბაღში, ვითვლიდი ციდან ჩამოცვენილ ფიფქებს და ბედნიერი თეთრად შეფენილ დაღმართს დავუყვებოდი ფეხით.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply