ალბერ კამიუ: სიზიფეს მითი ანუ ესეი აბსურდის შესახებ

0

ღმერთებმა სიზიფეს უზარმაზარი ლოდის მთის მწვერვალზე დაუსრულებლად ატანა მიუსაჯეს, საიდანაც ლოდი, მთელი თავისი სიმძიმით, უკან გორდება. გარკვეულ მიზეზთა გამო, მათ იფიქრეს, რომ არ არსებობს უნაყოფო და უიმედო შრომაზე საშინელი სასჯელი.

ჰომეროსის თქმით, სიზიფე, მოკვდავთა შორის , ყველაზე გონიერი და ფრთხილი ადამიანი იყო. სხვა წყაროები ამბობენ, რომ იგი ყაჩაღობის პროფესიით იყო დაკავებული, თუმცა მე ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ გახდა სიზიფე ქვესკნელის ამაო მშრომელი. პირველ რიგში, მას ღმერთების მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო ადანაშაულებენ. მათ მათი საიდუმლოებანი გასცა. იუპიტერმა ასოპეს ასული ეგინა მოიტაცა. მამა ქალიშვილის გაუჩინარების გამო ძლიერ შეშფოთდა და სიზიფეს საკუთარი გასაჭირი გაანდო. სიზიფემ იცოდა გაუჩინარების მიზეზი და ასოპეს მის გამხელას შეჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ის კორინთის წყალს მისცემდა. ზეციურ მეხს მან წყლით დალოცვა არჩია, რის გამოც ქვესკნელისთვის დასაჯეს.

ჰომეროსი გვეუბნება, რომ სიზიფემ სიკვდილი ბორკილებით გაკოჭა. პლუტონს აღარ შეეძლო თავისი გაუდაბნოებული და სიჩუმით სავსე სამეფოს ყურება. მან ომის ღმერთი მოიხმო, რომელმაც სიკვდილი დამატყვევებლის ხელიდან გაათავისუფლა.

იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილის პირას მისულმა სიზიფემ, ცოლის სიყვარულის გამოცდა დაუფიქრებლად მოინდომა. მან ცოლს უბრძანა, რომ მისი სხეული, დაკრძალვის ნაცვლად სახალხო მოედნის შუაგულში დაეგდო. სიზიფეს ქვესკნელში გაეღვიძა. იქ კი, ცოლის მორჩილების გამო გაბრაზებულმა, რომელიც ადამიანური სიყვარულისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, პლუტონისგან უკან დაბრუნების ნებართვა მიიღო, რათა ცოლი დაესაჯა. თუმცა როდესაც ისევ მიწაზე დადგა ფეხი, ისიამოვნა წყლით, მზით, ზღვითა და ცხელი ქვებით, მას წყვდიადში დაბრუნების სურვილი გაუქრა. თხოვნას, გაბრაზებასა და გაფრთხილებებს შედეგი არ მოჰყოლია. სიზიფე წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაკლაკნილ ყურეში, ტკბებოდა მოციაგე ზღვის ხმაურითა და დედამიწის ღიმილით. აუცილებელი გახდა ღმერთების ჩარევა. მერკური დედამიწაზე დაეშვა, ქეჩოში ხელი ჩაავლო კადნიერ სიზიფეს, მოსწყვიტა ამქვეყნიურ სიამოვნებას და ძალით გაუძღვა უკან ქვესკნელისაკენ, სადაც ლოდი უკვე მზად იყო მისთვის.

უკვე ხვდებით, რომ სიზიფე აბსურდის გმირია. ის თავადაც აბსურდია, როგორც თავისი ვნებებით, ისე საკუთარი ტანჯვით. ღმერთების მიმართ უპატივცემულებამ, სიკვდილისადმი სიძულვილმა და სიცოცხლის ძლიერმა წყურვილმა მას ენით გამოუთქმელი სასჯელი მოუტანა, რომელშიაც მთელი მისი არსება ამაო მიზანს ემსახურება. ეს მისი მიწიერი სიყვარულის საზღაურია. არაფერს ამბობენ სიზიფეს ქვესკნელში ცხოვრების შესახებ. თუმცა მითები ხომ წარმოსახვისთვის იქმნება, რათა ამ უკანასკნელმა მათ სული შთაბეროს. რაც შეეხება უშუალოდ მითს, ჩვენ ვხედავთ უბრალოდ სხეულის მთელს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რომ უზარმაზარი ლოდი ზემოთ აიტანოს, შეკრას, ააგოროს აღმართზე, რომელსაც უკვე მეასედ თავიდან შეუდგა. ჩვენ ვხედავთ შეშლილ სახეს, ლოდზე მიჭყლეტილ ლოყას, მხრის ბიძგებს ტალახიანი ქვის დასაძრავად, ქვის დასაკავებლად დადებულ ფეხს და მიწით შედედებული ხელების ადამიანურ სიმტკიცეს. დიდი ხნის წვალების შემდეგ, რომელიც უსასრულო სივრცითა და უსაზღვრო დროით იზომება, მიზანი მიღწეულია. სიზიფე უყურებს, როგორ ეცემა ლოდი, რამოდენიმე წუთში, ქვემოთ, საიდანაც კვლავაც მწვერვალისკენ უნდა აიტანოს. სიზიფეც მთის ძირისკენ ეშვება.

სწორედ ამ წამს, უკან დაბრუნების დროს, მაინტერესებს მე სიზიფე. ქვასთან ჭიდილში დაქანცული სახე, თავადაც ქვადაა ქცეული! მე ვხედავ ქვემოთ მიმავალ კაცს, მძიმე, გამოზომილი ნაბიჯებით ტანჯვისაკენ, რომლის დასასრულის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. საათი, რომელიც ამოსუნთქვას მსგავსია, ისევე მეორდება როგორც მისი ტანჯვა – ეს მისი გაცნობიერების საათია. ყოველ იმ წამს, როცა ის სიმაღლეებს ტოვებს და თანდათანობით ღმერთების სავანეს უახლოვდება, სიზიფე თავის ბედს განაგებს. ის თავის ლოდზე ძლიერია.

თუ ეს მითი ტრაგიკულია, მხოლოდ იმიტომ რომ მის გმირს გაცნობიერება შეუძლია. სად იქნებოდა მისი ტანჯვა, თუ თითოეული ნაბიჯის კვლადაკვალ წარმატების იმედი გაამხნევებდა? დღევანდელ დასაქმებულთა უმრავლესობა, ყოველდღიურად მსგავს სამუშაოს ასრულებს და მათი ბედი არანაკლებ აბსურდულია. მაგრამ ის ტრაგიკულია, მხოლოდ იმ იშვიათ წამებში, როცა ის ცნობიერდება. სიზიფეც, ღმერთების პროლეტარი, უძლური და მეამბოხე, მთელი არსებით შეიგრძნობს თავისი უაზრო არსებობის არსს: აი ამაზე ფიქრობს ის, როცა ისევ ძირს ეშვება. გამჭრიახობა, რომელიც ტანჯავს, ამავდროულად გამარჯვების გვირგვინითაც რთავს. არ არსებობს ბედისწერა, რომლის დაძლევაც ზიზღს არ შეუძლია.

თუ ძირს დაშვება ზოგჯერ სევდითაა სავსე, ის სიამოვნებითაც შეიძლება. და ეს ნათქვამი გადაჭარბებული სულაც არაა. მე კლავაც წარმოვიდგენ სიზიფეს, რომელიც ისევ თავის ლოდს და საწყის ტანჯვას უბრუნდება. როდესაც დედამიწის სურათები მკაფიოდ ამოტივტივდებიან მის გონებაში, როდესაც ბედნიერების ძახილი მეტად დაჟინებული გახდება, მელანქოლია იმძლავრებს სიზიფეს გულში: ეს ლოდის გამარჯვებაა, ეს თავად ლოდია. უსაზღვრო სევდა ძალზედ ძნელი სატარებელია. ისინი ჩვენი გეთსმანის ღამეები არიან. მაგრამ გამანადგურებული სიმართლე, შეცნობისთანავე იღუპება. ამგავარად, დასაწყისიდანვე მიჰყვება ოიდიპოსი ბედისწერას შეუცნობლად. თუმცა იმ წუთიდან, როცა ამას აცნობიერებს, მისი ტრაგედიაც იწყება. ამავდროულად, ბრმა და სასოწარკვეთილი ხვდება, რომ ერთადერთი, რაც ამ სამყაროსთან აკავშირებს, მისი გოგონას გაყინული ხელია. შემდეგ ის შემზარავად შესძახებს: „ მიუხედავად ამდენი მწარე გამოცდისა, ჩემი ასაკი და კეთილშობილება სულისა მაიძულებს დავასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა.“ სოფოკლეს ოიდიპოსი, ისევე როგორც დოსტოევსკის კირილოვი, აბსურდზე გამარჯვების გზას გვიჩვენებენ. ანტიკური სიბრძნე, თანამედროვე ჰეროიზმს ეთანხმება.

ვერავინ აღმოაჩენს აბსურდს, თუ ბედნიერების სახელმძღვანელოს გამოგონებას არ შეეცდება. „რა! – ასეთი ვიწრო გზებით?“ არსებობს მხოლოდ ერთი სამყარო, ყველაფრისდა მიუხედავად, ბედნიერება და აბსურდი ერთი მიწის შვილებია. ისინი განუყოფელნი არიან. შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ ბედნიერება აუცილებლად აბსურდიდან მომდინარეობს. პირიქით, ეს მაშინ ხდება, როცა აბსურდის გრძნობები იღვრება ბედნიერებიდან. „შემიძლია დავასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა.“ ამბობს ოიდიპოსი და ეს შენიშვნა წმინდათა წმინდაა. ეს ძახილი ადამიანის ველურ და შეზღუდულ სამყაროს წვდება. ის გვასწავლის, რომ ყველაფერი არაა და არც ყოფილა დამთავრებული. ის ამ სამყაროსგან ათავისუფლებს ღმერთს, რომელიც უკმაყოფილებისა და ამაო შრომისთვის მოვიდა. ის ბედისწერას ადამიანის საქმედ აქცევს, რომელიც ამას შემდეგ ადამიანთა შორის განისაზღვრება.

ამაშია სიზიფეს მდუმარე სიამოვნება. საკუთარი ბედი მას ეკუთვნის. ლოდი და აბსურდიც მისია, როცა ის ჭვრეტს საკუთარ ტანჯვას და აჩუმებს ყველა კერპს. საკუთარ მდუმარებაში, მოულოდნელად აღდგენილ სამყაროში მიწის უთვალავი, პაწაწინა ხმები გაისმის. არაცნობიერი, საიდუმლო ძახილი, მოწვევა ყველა სახისაგან, ეს ყველაფერი აუცილებელი გამარჯვების საფასურია. არ არსებობს მზე ჩრდილის გარეშე, აუცილებელია, ღამის შეცნობა. აბსურდის ადამიანი თანახმაა და მისი ძალისხმევა ამიერიდან აღარ შეწყდება. თუ არსებობს პირადი ბედი, არ იარსებებს უფრო მაღალი ბედისწერა, ან ყოველ შემთხვევაში, იარსებობს ის, რასაც მხოლოდ ის მიიჩნევს გარდაუვალად. ამის შემდეგ, მან იცის, რომ ის განაგებს საკუთარ დღეებს. გარკვეულ მომენტში, როცა თავის ცხოვრებას უკან გადახედავს, სიზიფე თავის ლოდს უბრუნდება, ამ უმნიშვნელო ქმედების დროს ის ხედავს შეუსაბამო მოქმედებებს, რომლებიც მის ბედისწერად იქცა, რომელიც მან შექმნა, მეხსიერების თვალით ერთმანეთს შეერწყა და მისივე სიკვდილით წერტილი დაესვა. ასე რომ, ადამიანის წარმომავლობაში დარწმუნებული,როგორც ბრმა რომელსაც ხედვა სწყურია, რომელმაც იცის, რომ ღამეს დასასრული არ აქვს, ის კვლავ თავის გზაზე დგება.

ლოდი კვლავ მიგორავს.

მე სიზიფეს მთის ძირში ვტოვებ! ადამიანი თავის ტვირთს ყოველთვის იპოვნის. მაგრამ სიზიფე გვასწავლის ერთგულებას, რომელიც უარყოფს ღმერთებს და ლოდს მაღლა ეწევა. ისიც თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა. ამიერიდან, ეს სამყარო ბატონის გარეშე, არც ამაოა და აღარც უნაყოფო. ქვის თითოეული ატომი, ყოველი მინერალი იმ ღამისა, რომელიც მთაზე ჩამომდგარა, მის სამყაროს აყალიბებს. მწვერვალისკენ სწრაფვაც საკმარისია ადამიანის გულის ასავსებად.

წარმოვიდგინოთ, რომ სიზიფე ბედნიერია.

ალბერ კამიუ; თარგმანი: თემო ბერიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply