ალბერტ აინშტაინი მაჰათმა განდის შესახებ

0

1931 წელს ალბერტ აინშტაინმა მაჰათმა განდის წერილი მისწერა :

პატივცემულო მისტერ განდი,

ვსარგებლობ თქვენი მეგობრის ჩემს სახლში ყოფნით და ამ წერილს გიგზავნით. თქვენი მოღვაწეობის საშუალებით, თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მშვიდობის მიღწევა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გარეშე, მათთანაც კი, ვისაც ძალადობაზე უარი არ უთქვამს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მაგალითი თქვენი ქვეყნის საზღვრებს გასცდება და საფუძველს დაუდებს ყველასგან აღიარებული საერთაშორისო გავლენის ჩამოყალიბებას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და კონფლიქტებს მშვიდობით ჩაანაცვლებს.

გულწრფელი აღტაცებით,

ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინმა მალევე მიიღო საპასუხო წერილი:

1931 წლის 18 ოქტომბერი,

ძვირფასო მეგობარო,

დიდად მესიამოვნა თქვენი მშვენიერი წერილი. ჩემთვის დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ ჩემს შრომას თქვენი მხრიდან აღიარება ახლავს. ვისურვებდი, პირისპირ შევხვედროდით ჩემს სახლში, ინდოეთში.

გულწრფელად თქვენი,

მაჰათმა განდი

ქვემოთ მოცემული ტექსტი კი ალბერტ აინშტაინმა, 1948 წელს, მაჰათმა განდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ წარმოთქვა:

„ყველა, ვისაც ადამიანთა მოდგმის მომავალი აღელვებს, აუცილებლად უნდა შეძრას მაჰათმა განდის ტრაგიკულმა სიკვდილმა. ის საკუთარი პრინციპების მსხვერპლი შეიქმნა, არაძალადობის პრინციპის მსხვეპლი. განდი გარდაიცვალა, რადგან ქვეყანაში არსებული დიდი არეულობისა და გაღიზიანების მიუხედავად, უარი თქვა შეიარაღებული დაცვა ჰყოლოდა. ეს იყო მისი შეურყეველი რწმენა, რომ ძალის გამოყენება ბოროტებაა, შესაბამისად მასზე უარი უნდა თქვას ყველამ, ვინც უმაღლეს სამართალს ეძებს. რწმენით, რომელიც მის გულსა და გონებაში არსებობდა, მან თავისი ერი თავისუფლებისკენ წაიყვანა. მან წარმოაჩინა, რომ ხალხის დიდი ნდობის მოპოვება შესაძლებელია არა მხოლოდ ცბიერი თამაშებითა და ჩვეული პოლიტიკური მანევრებით, არამედ ცხოვრების მაგალითით, რომელშიაც მორალურობას უზენაესი ადგილი უჭირავს.

მაჰათმა განდით აღტაცება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, აღიარებას ეფუძნება, უმეტეს შემთხვევაში ქვეცნობიერს –გაცნობიერებას იმ ფაქტისა, რომ დიდი მორალური კრიზისის დროს, ის ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელიც ადამიანური ურთიერთობების მაღალ საფეხურზე იდგა პოლიტიკურ სფეროში. ეს არის საფეხური, რომელსაც მთელი ჩვენი ძალის გამოყენებით უნდა ვესწრაფოდეთ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ურთულესი გაკვეთილი, რომ ადამიანთა მოდგმის მყარი მომავალი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება კანონისა და სამართლიანობის საფუძველზე და არა რომელიმე პიროვნების რწმენის შესაბამისად, როგორც დღემდე ხდებოდა.”

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply