აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე!

1

„როგორც წესი, ადამიანები იმაზე ბევრად ნაკლებს ფლობენ, ვიდრე დაბადებიდან საჩუქრად დაჰყვებათ – ადამიანი ისაა, რასაც თვითონ ქმნის.“ – ალექსანდრ გრაჰამ ბელი

როდესაც 21 წლის ვიყავი, არაფერი გამაჩნდა. პატარა ბინაში ვხოვრობდი, სადაც მხოლოდ ერთი ოთახი იყო, შუა ზამთარში, როცა ძლიერ ციოდა, მთელი დღის განმავლობაში მშენებლობაზე ვმუშაობდი. საღამოობით სახლს გარეთ გასვლასაც კი ვერ ვახერხებდი, თუნდაც იქ სადაც ცოტაოდენი სითბო იქნებოდა, ასე რომ, ბევრი დრო მქონდა ამაზე მეფიქრა.

ერთ ღამეს, როცა სამზარეულოს პატარა მაგიდასთან ვიჯექი, უმნიშვნელოვანესი რამ გავაცნობიერე, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მოულოდნელად გავაანალიზე, რომ ყველაფერი რაც ჩემი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მოხდებოდა, მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. სხვა ვერავინ დამეხმარებოდა, ვერავინ მოვიდოდა ჩემს გადასარჩენად.

მე სახლიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ვცხოვრობდი, თანაც იქ დაბრუნება ჩემს გეგმაში არ შედიოდა, დიდი ხნის მანძილზე. ამ წამს ნათლად დავინახე, რომ თუ ჩემს ცხოვრებაში რამე შეიცვლებოდა, ის აუცილებლად ჩემით უნდა დაწყებულიყო. თუ მე არ შევიცვლებოდი, არაფერიც არ შეიცვლებოდა. მხოლოდ მე ვაგებდი ამაზე პასუხს.

უდიდესი აღმოჩენა

ახლაც მახსოვს ეს წამები. ეს პარაშუტით პირველად გადმოხტომას ჰგავდა. საშიშიც იყო და საინტერესოც. მე იქ ვიყავი, ჩემი ცხოვრების კუთხეში და გადმოხტომა გადავწვიტე. ამ წამიდან მოყოლებული, შევეგუე იმ ფაქტს, რომ მე ცხოვრებასთან ვალში ვიყავი. ვიცოდი რომ თუ მსურდა რაღაცები შეცვლილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი განსხვავებული. ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული.

მოგვიანებით მივხვდი , რომ როცა საკუთარ თავზე იღებ მთელს პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაში, უდიდეს ნაბიჯს დგამ ბავშვობიდან დიდობამდე. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არასდროს აკეთებს ამას. უთვალავ 40-50 წლამდე ქალსა და მამაკაცს შევხვედრივარ, ვინც ისევ ბუზღუნებენ და ჩივიან უსიამოვნო წარსულ გამოცდილებებზე და საკუთარ პრობლემებს სხვა ადამიანებსა და შემთხვევებს აბრალებენ. ძალიან ბევრი ადამიანი ისევ ბრაზობს იმაზე, რაც მათმა მშობლებმა გააკეთეს ან არ გააკეთეს მათთვის, 20, 30 ან თუნდაც 40 წლის წინათ. ისინი წარსულში არიან გამომწყვდეულნი და თავს ვერ ითავისუფლებენ.

ყველაზე დიდი მტერი

წარმატებისა და ბედნიერების ყველაზე დიდი მტერი ნეგატიური ემოციებია, ყველა სახის. ნეგატიური ემოციები, გვაბრკოლებენ, არ გვაძლევენ წინსვლის საშუალებას და ცხოვრებისეულ სიამოვნებას გვართმევენ. ნეგატიურ ემოციებს ბევრად მეტი ზიანი მოუტანიათ ინდივიდებისა და საზოგადოებისთვის, ვიდრე ისტორიის ყველა გასაჭირს.
თუ ნამდვილად გსურთ წარმატებისა და ბედნიერების მიღწევა, თქვენთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს მიზანს, ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლება უნდა წარმოადგენდეს. საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია , თუ ისწავლით როგორ.

ნეგატიური ემოციები – შიში, საკუთარი თავის სიბრალული, შური, ეჭვიანობა და ბრაზი, ძირითადად 4 ფაქტორით არის გამოწვეული.

როცა აღმოაჩენთ და აღმოფხვრით ამ ფაქტორებს თქვენი აზროვნებიდან, თნეგატიური ემოციებიც ავტომატურად გაქრებიან. და როდესაც ეს მოხდება, მათ პოზიტიური ემოციები, სიყვარული, მშვიდობა, სიამოვნება და ენთუზიაზმი ჩაანაცვლებენ. ამის შემდეგ თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება, ხშირად ამისთვის წუთები და წამებიც კი საკმარისია.

თავს ნუ იმართლებთ!

პირველი მიზეზი თავის მართლებაა. თქვენ მანამ იქნებით ნეგატიური, ვიდრე შეგიძლიათ თავი იმართლოთ საკუთარ თავთან და სხვებთან, რომ გაქვთ საკმარისი მიზეზი, ბრაზობდეთ ამა თუ იმ ფაქტის გამო. ამიტომაც გაბრაზებული ადამიანები, მუდმივად ცდილობენ საკუთარ ნეგატიურ გრძნობებს ახსნა–განმარტება უპოვნონ. თუ ვერ ამართლებთ საკუთარ ნეგატიურობას, გაბრაზებულიც ვერ იქნებით.

მაგალითად, ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ეკონომიკაში არსებული ცვლილებებისა და კომპანიაში შემცირებული გაყიდვების გამო. მიუხედავად ამისა, ეს პიროვნება გაბრაზებულია უფროსის გადაწყვეტილების გამო და ცდილობს გასამართლებლად მოიყვანოს ყველა მიზეზი, რის გამოც მისი სამსახურიდან გათავისუფლება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ის შეიძლება იმდენად ჩაეფლოს ბრაზის ჭაობში, რომ სასამართლოში გასაჩივრება ან მსგავსი რამ გადაწყვიტოს. ვიდრე ის აგრძელებს თავისი ნეგატიური ემოციების გამართლებას საკუთარი უფროსისა და კომპანიის მიმართ, ნეგატიური ემოციები აკონტროლებენ მას, რაც მის აზროვნებასა და ცხოვრებაზეც აისახება.

მიუხედავად ამისა, რაც უფრო მალე იტყვის იგი „კარგი, მე გამათავისუფლეს. ასეთი რამ ხდება ცხოვრებაში. ეს პიროვნული შეცდომა არაა, ადამიანებს სამსახურიდან ყოველდღიურად ათავისუფლებენ.“ ის დამშვიდდება, სამყაროს ნათელ ფერებში ხედვას დაიწყებს და მიზანზე ორიენტირებული გახდება. ამის შემდეგ კი შეუძლია გადადგას ნაბიჯები, რომ ისევ სამუშაო მდგომარეობას დაუბრუნდეს. რაც უფრო მალე შეწყვეტს იგი თავის მართლებას, მით უფრო მალე გახდება მეტად პოზიტიური და ეფექტური ადამიანი.

უარი უთხარით მიზეზებს!

ნეგატიური ემოციების მეორე გამომწვევი ფაქტორი მიზეზების ძიებაა. როდესაც მიზეზებს ეძებთ , თქვენ ანიჭებთ სოციალურად გამართლებულ ახსნა–განმარტებას სოციალურად მიუღებელ მოქმედებას.

თქვენ რაციონალიზაციას ახდენთ, რათა გაამართლოთ ან მნიშვნელობა მიანიჭოთ იმას, რაც უკვე გააკეთეთ და ამის გამო თავს ცუდად გრძნობთ. თქვენ ამართლებთ საკუთარ ქცევასა და ქმედებებს იმ ახსნა–განმარტების შექმნით, რომელიც კარგად გამოიყურება, იმ შემთხვევაშიც კი როცა იცით, რომ რაც მოხდა ყველაფერში დამნაშავე თქვენ ხართ. თქვენ ხშირად რთულ რთულ გზებსაც კი ქმნით იმის ასახსნელად,რომ თქვენი ქცევა ნამდვილად მისაღები იყო, ყველაფრის გათვალისწინებით. ამგვარი რაციონალიზაციის გამო, თქვენი ნეგატიური ემოციები მუდმივად ცოცხლობენ.

თავის მართლება ყოველთვის საჭიროებს, რომ გახადოთ ვინმე ან რამე თქვენი პრობლემის წყარო და მიზეზი. თქვენ თქვენი თავი მსხვერპლის როლში გამოგყავთ და სხვა ადამიანი/კომპანია კი მჩაგვრელი ხდება თქვენს თვალში.

დადექით სხვის აზრზე მაღლა

ნეგატიური ემოციების მესამე მიზეზი სხვისი აზრების მიმართ ძლიერი დამოკიდებულება და მგრძნობელობაა. ბევრი ადამიანისთვის, საკუთარი პიროვნების სურათი იმით განისაზღვრება, თუ როგორ ექცევიან სხვა ადამიანები ან რას ამბობენ მასზე, ან თუნდაც როგორ უყურებენ.

„სხვისი აზრი მსხვერპლი“ განიცდის ბრაზს, დაბნეულობას, სირცხვილს, ჩაგრულად გრძნობს თავს და დეპრესიასა და სასოწარკვეთასაც ადვილად ეცემა.

სხვა არავინაა პასუხისმგებელი

მეოთხე და ყველაზე ცუდი ნეგატიური ემოცია სხვისი დადანაშაულებაა. როდესაც ჩემს სემინარებზე ნეგატიური ემოციების ხეს ვხატავ დაფაზე, ხის ტანი მომყავს როგორც საკუთარ პრობლემებში სხვისი დადანაშაულების მაგალითი. როგორც კი ხის ტანს მოჭრით, ხის ყველა ნაყოფი ანუ ყველა სხვა ნეგატიური ემოცია ავტომატურად კვდება.

პასუხისმგებლობა ანტიდოტია

საკუთარ მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობის აღება ყველა სახის ნეგატიური ემოციისგან განკურნების საშუალებაა. თქვენ ვერ შეძლებთ ერთდროულად თქვათ „მე პასუხისმგებელი ვარ!“ და თანაც სხვაზე გაბრაზებული იყოთ.

„მე ვარ პასუხისმგებელი“ ამ მარტივი და ძლიერი აღიარების აღმოჩენა, გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან და თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შემოტრიალებას დაუდებს საფუძველს, როგორც ეს ჩემმა ათასობით სტუდენტმა გააკეთა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ! თქვენ ათავისუფლებთ საკუთარ თავს ნეგატიური ემოციებისგან და იწყებთ თქვენი ცხოვრების კონტროლს ამ უბრალო გამოთქმით: „მე ვარ პასუხისმგებელი!“.

და მხოლოდ მაშინ, როცა გაითავისუფლებთ თავს ნეგატიური ემოციებისგან, თქვენს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის აღებით, შეგეძლებათ დაისახოთ მიზნები და მიაღწიოთ მათ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. მხოლოდ მაშინ, როცა მენტალურად და ემოციურად თავისუფალი ხართ, შეძლებთ მთელი თქვენი ენერგიისა და ენთუზიაზმის წინ წარმათვას. სწორედ ამიტომაც, შეუძლებელია პროგრესი სრული პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე. მეორეს მხრივ კი, როცა თქვენს ცხოვრებაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებთ, აღარ იარსებებს ლიმიტები თუ ვინ იქნებით, ან რა გექნებათ.

შეწყვიტეთ სხვების დადანაშაულება!

ამ წამის შემდეგ, ნუღარ დაადანაშაულებთ სხვა ადამიანებს თქვენი წარსულის, აწყოსა და მომავლის გამო. როგორც ელეანორა რუზველტმა თქვა: „არავის შეუძლია მასზე ნაკლებად გვაგრძნობინოს თავი – ჩვენი ნებართვის გარეშე.“ კომედიანტმა ბადი ჰაკეტმა კი თქვა: „მე არასოდეს ვინახავ ვინმეზე გულში წყენას. მაშინ როცა შენ ჯავრი გამძიმებს, ის გარეთ ცეკვავს!.“

ნუ შეეცდებით მოძებნოთ მიზეზები ან გაამართლოთ თქვენი საქციელი. თუ შეცდომას უშვებთ, აღიარეთ, ბოდიში მოიხადეთ და სიტუაციის გამოსწორებით დაკავდით. ყოველთვის როცა ვინმეს ადანაშაულებთ ან მიზეზებს ეძებთ, თქვენს ენერგიას უაზროდ ფლანგავთ, სუსტდებით და ძალა გეცლებათ – ამავდროულად კი თავს ნეგატიურად გრძნობთ. უარი თქვით ამ ყველაფერზე.

აკონტროლეთ თქვენი ემოციები

განეწყვეთ პოზიტიურად, უარი თქვით კრიტიკაზე, წუწუნსა და სხვის დადანაშაულებაზე. ყოველთვის როცა ვინმეს აკრიტიკებთ, წუწუნებთ იმაზე რაც არ მოგწონთ, ან ადანაშაულებთ სხვებს იმის გამო, რაც გააკეთეს ან არ გააკეთეს, თქვენ ამ ნეგატიურ გრძნობებსა და ემოციებს თქვენს საწინააღმდეგოდ მიმართავთ. ერთადერთი ვინც ზარალდება თქვენ ხართ! თქვენი ნეგატიური გრძნობები სხვაზე არ ახდენს გავლენას. თუ ვინმეზე ბრაზობთ, ეს ნიშნავს რომ მას თქვენი ემოციების კონტროლის საშუალებას აძლევთ. მარტივად რომ ვთქვათ სულელური საქციელია.

როგორც გარი ზუკაცსი ამბობს თავის წიგნში „სულის ადგილი“ პოზიტიური ემოციები გვაძლიერებენ, ნეგატიური ემოციები კი გვასუსტებენ. ბედნიერების, მადლიერების, სიყვარულისა და ენთუზიაზმის ემოციები მეტად ძლიერებსა და თავდაჯერებულებს გვხდიან.

როდესაც გადაწყვეტთ, რომ აიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და ცხოვრებასა და ყველაფერზე, რაც კი თქვენს თავს ხდება, თქვენ შეგეძლებათ მეტად თავდაჯერებულად მოჰკიდოთ ხელი საქმეს და წინ წახვიდეთ ცხოვრებაში. თქვენ მალე გახდებით „თქვენი ბედის ოსტატი და სულის კაპიტანი.“

გამარჯობათ ბატონო პრეზიდენტო!

ნიუ–იორკში ჩატარებული ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ნებისმიერ დარგში გამორჩეული ადამიანების 3%–ს საშუალო მიღწევების მქონე ადამიანთაგან კონკრეტული დამოკიდებულელები განასხვავებდათ. ისინი საკუთარ თავს, როგორც თვითდასაქმებულებს ისე ხედავდნენ, არა აქვს მნიშვნელობა ვინ აწერდა ხელს მათ სახელფასო ჩეკებზე. ისინი საკუთარ კომპანიებზე ისეთ პასუხისმგებლობას და სიყვარულს გრძნობდნენ, თითქოს ისინი მართლაც მათ მფლობელობაში იყვნენ. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.

შეხედეთ საკუთარ თავს როგორც თქვენი „პირადი სერვისების კორპორაციის პრეზიდენტს“. დაინახეთ საკუთარი თავი, როგორც თვითდასაქმებული. იგრძენით პასუხისმებლობა თქვენი ცხოვრებისა და კარიერის თითოეულ ასპექტზე. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ იქ ხართ სადაც ხართ და ის ხართ ვინც ხართ, იმის გამო რაც აქამდე გააკეთეთ ან ვერ გააკეთეთ. თქვენ ხართ თქვენი ბედის არქიტექტორი!

თქვენ ირჩევთ, თქვენ წყვეტთ

თქვენ განსაზღვრეთ თქვენი ცხოვრება იმ გადაწყვეტილებებით რაც აქამდე მიიღეთ ან ვერ მიიღეთ. თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს რაღაც რაც არ მოგწონთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი.

როგორც თქვენი „პირადი სერვისების კორპორაციის პრეზიდენტი“, თქვენ სრულიად პასუხისმგებელი ხართ ყველაფერზე, რასაც აკეთებთ და რა თქმა უნდა, მათ შედეგებზე. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი მოქმედებებისა და საქციელის შედეგებზე. თქვენ იქ ხართ სადაც ხართ და ის ხართ ვინც ხართ, რადგან თქვენ ასე გადაწყვიტეთ.

თქვენ დღეს იმდენს გამოიმუშავებთ, რამდენიც გადაწყვიტეთ გქონოდათ, არც მეტს და არც ნაკლებს. თუ არ გაკმაყოფილებთ მიმდინარე შემოსავალი, გადაწყვიტეთ რომ გამოიმუშაოთ მეტი. აქციეთ ეს მიზნად, შექმენით გეგმა და დაკავდით მისი შესრულებით.

როგორც საკუთარი კარიერისა და ცხოვრების პრეზიდენტი, როგორც თქვენი ბედის არქიტექტორი, თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში. თქვენ ხართ ბოსი. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა.

ჩამოაყალიბეთ საკუთარი სტრატეგია

ისევე როგორც კორპორაციის პრეზიდენტია პასუხისმგებელი მის სტრატეგიასა და აქტივობაზე, თქვენც პასუხისმგებელი ხართ თქვენი ცხოვრებისა და კარიერის დაგეგმვაზე. თქვენ იღებთ მენეჯერულ გადაწყვეტილებებს, მოქმედებთ და აფასებთ მიღწეულ შედეგებს.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი რომ მიაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს, მიიღოთ გარკვეული ხარისხი და რაოდენობა იმ შრომიდან, რომელსაც სწევთ.

როგორც პრეზიდენტი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, საკუთარი თავის დაწინაურებასა და წინსვლაზე. თქვენ უნდა შექმნათ საკუთარი თავი და მოახდინოთ მისი რეალიზაცია კონკურენტულ ბაზარზე.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ფინანსურ სტრატეგიაზე: ზუსტად რამდენი სერვისის გაყიდვა გსურთ, რამდენი გსურთ გამოიმუშაოთ, რამდენად სწრაფად გსურთ გაზარდოთ შემოსავალი წლიდან წლამდე, რამდენი გსურთ შეინახოთ, რამდენი დააინვესტიროთ და რამდენი გსურთ გქონდეთ იმ დროისთვის, როცა აქტიური ცხოვრებიდან წასვლას გადაწყვეტთ. ეს ციფრები თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ხართ პასუხისმგებელი.

მიიღეთ ახალი გადაწყვეტილებები, გააკეთეთ ახალი არჩევანი

არჩევანი ქორწინებასა და მეგობრებში, სხვა დანარჩენ გადაწვეტილებებზე მეტად თუ არა, არანაკლებ გავლენას მოახდენს თქვენს წარმატებასა და ბედნიერებაზე. თუ არ მოგწონთ თქვენი მიმდინარე არჩევანი, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები მის გამოსასწორებლად.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პიროვნების კვლევასა და განვითარებაზე, ტრეინინგებსა და სწავლაზე. თქვენ უნდა განსაზღვროთ ის ნიჭი, შესაძლებლობები და კომპეტენციები, რაც დაგჭირდებათ იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ ის თანხა, რომელიც გსურთ თვეებისა და წლების შემდეგ გქონდეთ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი დააბანდოთ ფული, გამონახოთ დრო რომ ისწავლოთ და განივითაროთ ახალი შესაძლებლობები. არავინ არ გააკეთებს ამას თქვენთვის. სიმართლე რომელსაც ვერსად გავექცევით ისაა, რომ არავის ადარდებს ეს ჩვენზე მეტად.

გახდით „ზრდადი აქცია“

შეხედეთ თქვენს თავს როგორც სააქციო კომპანიას, რომელიც ბაზარზე მოღვაწეობს. მოისურვებენ ადამიანები თქვენში კაპიტალის დაბანდებას? დაიჯერებენ რომ ის გააგრძელებს ზრდას და მისი ღირებულება და გამოსავლიანობა გაიზრდება თვეებისა და წლების შემდეგ? დაფიქრდით, „ზრდადი აქცია“ ხართ თუ თქვენი ფასი ბაზარზე დღიდან–დღემდე ეცემა?

და თუ გადაწყვეტთ, გახდეთ „ზრდადი აქცია“, როგორი იქნება თქვენი სტრატეგია და გეგმა წლიდან წლამდე? როგორც თქვენი ცხოვრების პრეზიდენტი, თქვენი ცოლის მეუღლე, შვილების მშობელი და ახლო ადამიანების მეგობარი, თქვენ ვალდებული ხართ გახდეთ ზრდადი „მრუდი“, გაზარდოთ თქვენი ღირებულება, შემოსავალი და პროდუქტიულობა წლიდან წლამდე.

მართეთ თქვენი ცხოვრების საჭე

შეხედეთ თქვენს თავს, როგორც საკუთარი ბედის გამგეს. იფიქრეთ რომ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს ცხოვრებაზე. დაინახეთ საკუთარი თავი, როგორც თქვენი „პირადი სერვისების კორპორაციის პრეზიდენტი“. ეცადეთ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება, სრულიად ორიენტირებული და მიზანმიმართული.

ნუ დაკარგავთ დროს წარსულზე წუწუნსა და წუხილში, ის მაინც არ შეიცვლება. ამის ნაცვლად კონცენტრაცია მოახდინეთ მომავალზე და იფიქრეთ რა გსურთ და საით მიდიხართ. იფიქრეთ თქვენს მიზნებზე. მათზე ფიქრი მეტად პოზიტიურ და მიზანმიმართულ პიროვნებად გაქცევთ.

განსაზღვრეთ თქვენი კონტროლის ლოკუსი

არსებობს დიდი რაოდენობის ფსიქოლოგიური ლიტერატურა, რომელიც „ლოკუსის კონტროლის თეორიას“ ეხება. 50 წლიანი კვლევის შედეგად ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ „ლოკუსის კონტროლი“ ცხოვრებისეული ბედნიერებისა და უბედურების განმსაზღვრელი ფაქტორია. აი რატომ:

პიროვნება, რომელიც ფლობს შინაგანი ლოკუსის კონტროლს არის ადამიანი, რომელიც სრულიად აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება თავს ძლიერ და თავდაჯერებულ ადამიანად გრძნობს. როგორც წესი, ის მეტად ოპტიმისტი და პოზიტიურია.

მეორეს მხრივ ადამიანი გარე ლოკუსის კონტროლით, არის პიროვნება, რომელიც გარე ფაქტორებით კონტროლდება – თავისი უფროსით, გადასახადებით, ქორწინებით, ბავშვობის პრობლებებითა, თუ ახლანდელი მდგომარეობით. შედეგად, ასეთი ადამიანები ვერ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას და თავს სუსტ, ბრაზიან, მშიშარა, ნეგატიურ და უუფლებო ადამიანებად გრძნობენ.

კარგი ამბავი ისაა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი პასუხისმგებლობის ოდენობასა (რომელსაც საკუთარ თავზე იღებთ) და კონტროლს შორის (რომელსაც საკუთარ ცხოვრებაზე გრძნობთ). რაც უფრო ხშირად ამბობთ სიტყვებს : „მე ვარ პასუხისმგებელი!“ მით უფრო უფრო მეტი შინაგანი კოტროლის ლოკუსი ვითარდება თქვენში და მით უფრო ძლიერ და კომპეტენტურ ადამიანად გრძნობთ თავს.

ოქროს სამკუთხედი

ასევე პირდაპირი კავშირია პასუხისმგებლობის გრძნობასა და ბედნიერებას შორის. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ ცხოვრებაზე, მით უფრო ბედნიერი ხდებით. ჩანს, პასუხისმგებლობა, კონტროლი და ბედნიერება უშუალო კავშირში არიან.

რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებთ, მით უფრო მეტ კონტროლს გრძნობთ საკუთარ თავზე და რაც უფრო მეტ კონტროლს გრძნობთ, მით უფრო ბედნიერი და თავდაჯერებული ხდებით. და როდესაც მეტად პოზიტიურად გრძნობთ თავს და მით უფრო დიდ მიზნებს ისახავთ და უფრო თავდაჯერებულად ცდილობთ მათ მიღწევას. თქვენ გრძნობთ, რომ ცხოვრება თქვენს ხელშია და უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც გადაწყვეტთ!

მეორე თავი ბრაიან ტრეისის წიგნიდან “მიზნები” ; თარგმანი: თემო ბერიშვილი

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. წაიკითხეთ კომენტარები და მიხვდებით, რატომ არიან დღესდღეობით ქალბატონები უფრო რეალიზებულები.

კომენტარის დატოვება



ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.