ადამიანური სისულელის ძირითადი კანონები

0
ავტორი: კარლო მ. ჩიპოლა
ილუსტრაციები: ჯეიმს დონელი
სარჩევი
1.ადამიანური სისულელის პირველი ძირითადი კანონი
2.ადამიანური სისულელის მეორე ძირითადი კანონი
3.მესამე (ოქროს) ძირითადი კანონი
4.სიხშირული განაწილება
5.სისულელის ძალა
6.მეოთხე ძირითადი კანონი
7.მეხუთე კანონი
ადამიანური სისულელის პირველი ძირითადი კანონი
ადამიანური სისულელის პიველი კანონი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ:

გარემოში რეალურად მყოფი სულელი ადამიანების რიცხვი ყოველთვის და აუცილებლად ყველა შეფასებაზე მეტია.

თავიდან ეს განცხადება ტრივიალურად, ბუნდოვნად და საკმაოდ მიუღებლად ჟღერს, თუმცა უფრო გულმოდგინე დაკვირვება ადასტურებს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. რაოდენ ახლოსაც უნდა იყოს რეალობასთან უგუნური ადამიანების რაოდენობის ჩვენეული შეფასება, დროდადრო და ხელახლა ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც:

ა) ადამიანები,რომლებიც, თითქოს, რაციონალურობითა დაგონივრულობით გამოირჩეოდნენ, თურმე გამაოგნებელ სისულელეს ამჟღავნებენ.

ბ) დღითიდღე,უცვლელი ერთფეროვნებით, ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში ავიწროებენ სულელები, რომლებიც სრულიად შეუფერებელ ადგილებში და სრულიად წარმოუდგენელ დროს უეცრად და მოულოდნელად ჩნდებიან.
პირველი კანონი ნებას არ მაძლევს, რომ რაიმე რიცხვითი შეფასება მივცე მთელს მოსახლეობაში სულელ ადამიანთა წილს: ასეთი რიცხვითი სიდიდე რეალობაზე ნაკლები იქნება. შესაბამისად, ქვემოთ მოსახლეობაში არსებული სულელი ადამიანების წილს σ სიმბოლოთი აღვნიშნავ.
მეორე ძირითადი კანონი

კულტურული ტენდენციები, რომლებიც ახლა დასავლეთშია პოპულარული, ცხოვრებისადმი ეგალიტარიანულ (გამათანასწორებელ) მიდგომას გულისხმობს. გავრცელებულია შეხედულება ადამიანზე, როგორც სრულყოფილად და პროექტებული მასობრივი წარმოების მანქანის პროდუქტზე. გენეტიკოსები და სოციოლოგები,  შთამბეჭდავი სამეცნიერო მონაცემებისა და ფორმულირებების დახმარებით, განსაკუთრებული მონდომებით ადასტურებენ, რომ ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორია და თუ ზოგიერთები, სხვებთან შედარებით, უფრო თანასწორები არიან, ეს აღზრდის დამსახურებაა და არა ბუნების. ვერ დავეთანხმები ამ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას: ჩემი მტკიცე რწმენა, რომელიც წლების განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებს ეყრდნობა, არის რომ ადამიანები ერთნაირები არ არიან, ზოგი სულელია, ზოგი არა, და ეს განსხვავება ბუნების მიერ დგინდება და არა რაიმე კულტურული ძალისხმევით ან ფაქტორით.

ადამიანი შეიძლება სულელი იყოს ისევე, როგორც შეიძლება, რომ წითური იყოს; ის სულელთა ჯგუფს განეკუთვნება, ისევე, როგორც განეკუთვნება გარკვეული სისხლის ჯგუფს. ადამიანი სულელად იბადება საკუთარი ბედისწერით. მიუხედავად ამ ჩემი რწმენისა, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი სულელია და ეს თვისება გენეტიკურად აქვს მიღებული. რეაქციონერი არ ვარ, და კლასის ან რასის ფარულ დისკრიმინაციას არ ვემხრობი. მტკიცედ მჯერა, რომ სისულელის თვისება ადამიანთა ყველა ჯგუფის უცილობელი პრივილეგიაა და ადამიანთა ყველა ჯგუფში ერთი და იგივე მუდმივი პროპორციით ნაწილდება. ეს ფაქტი მეცნიერულად არის წარმოდგენილი მეორე კანონში, რომლის თანახმად:

იმის ალბათობა, რომ ადამიანი შეიძლება სულელი იყოს არ არის დამოკიდებული მის არც ერთ სხვა მახასიათებელზე.

ამ მხრივ, ბუნება ნამდვილად თავის თავს ჯობნის. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ბუნება მეტად იდუმალი გზებით ინარჩუნებს გარკვეულ ბუნებრივ მოვლენათა მუდმივ ფარდობით სიხშირეს. მაგალითად, იმის მიუხედავად, ადამიანები ჩრდილოეთ პოლუსზე მრავლდებიან თუ ეკვატორზე, არიან წყვილები სრულყოფილი თუ არა, არიან შავკანიანები, წითელკანიანები, თეთრკანიანები თუ ყვითელკანიანები, ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა ახალშობილთა შორის მუდმივია და მამაკაცების რაოდენობა ოდნავ ჭარბობს. ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ აღწევს ბუნება ამ საოცარ შედეგს, თუმცა ვიცით, რომ მის მისაღწევად დიდი რიცხვებით უწევს მოქმედება. ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ადამიანური სისულელის სიხშირესთან დაკავშირებით არის ის, რომ ბუნება ახერხებს ჯგუფის სიდიდისგან სრულიად დამოუკიდებლად შეუსაბამოს ეს სიხშირე ალბათობას. ამგვარად, ვაწყდებით სულელი ადამიანების ერთსა და იმავე პროცენტულობას, იმის მიუხედავად, დიდ ჯგუფს ვაკვირდებით თუ მცირე ჯგუფთან გვაქვს საქმე. დაკვირვებად მოვლენათა არც ერთი სხვა რიგი არ წარმოგვიდგენს ბუნების სიძლიერის ასეთ გასაოცარ მტკიცებულებას.

მსოფლიოს მასშტაბით მრავალ უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტები გვაძლევს იმის საფუძველს, განვაცხადოთ, რომ განათლება აქ არაფერ შუაშია. შეგვიძლია მაგალითად უნივერსიტეტის შემადგენლობა, ხუთ ძირითად ჯგუფად დავყოთ. ესენი არიან: მუშები, მოსამსახურეები, სტუდენტები, ადმინისტრაცია და პროფესორები.
მუშების ჯგუფის ანალიზმა მაჩვენა, რომ მათი σ წილი სულელი იყო. ვინაიდან σ სიდიდე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი (პირველი კანონი), ჯერ, კიდევ გავრცელებული მოსაზრების გათვალისწინებით, ვიფიქრე, რომ ასეთი შედეგი სეგრეგაციის, სიღარიბის, განათლების ნაკლებობის ბრალი იყო. მაგრამ სოციალურ კიბეზე უფრო მაღალი საფეხურების განხილვისას აღმოვაჩინე, რომ იგივე კოეფიციენტი მოსამსახურეების და სტუდენტების ჯგუფებზეც ვრცელდებოდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო შედეგი პროფესორთა შორის.
დიდი უნივერსიტეტის თუ პატარა კოლეჯის, ცნობილი დაწესებულების თუ  გაურკვეველი საზოგადოების ანალიზისას აღმოვაჩინე, რომ პროფესორთა შორის იგივე σ წილი იყო სულელი. ასეთმა შედეგებმა საგონებელში ჩამაგდო და გადავწყვიტე, ჩემი კვლევა საგანგებოდ მიმემართა სპეციალურად შერჩეულ ჯგუფზე, ნამდვილ ელიტაზე, ნობელის პრემიის ლაურეატებზე. შედეგმა დაადასტურა ბუნების უზენაესი ძალა: ნობელის პრემიის ლაურეატებშიც σ ნაწილი სულელია.
ამ აზრის გაცნობიერება და მასთან შეგუება რთული იყო, მაგრამ მეტისმეტად ბევრი ექსპერიმენტის შედეგები იძლეობა მისი ჭეშმარიტების უტყუარ საფუძველს. მეორე კანონი რკინის კანონია,და იგი გამორიცხავს ყოველგვარ გამონაკლისს. ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა მხარს დაუჭერს მეორე კანონს, რადგან იგი ამტკიცებს, რომ სულელები პროპორციულად ისეთივე სიმრავალით არიან წარმოდგენილნი მამაკაცებში, ისევე როგორც ქალებში. მეორე კანონი, ალბათ, ნუგეშისმიმცემი იქნება განუვითარებელი მესამე მსოფლიოსთვის, ვინაიდან იქ დაინახავდნენ, რომ განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომნი არც თუ ისე განვითარებულნი ყოფილან. მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა მეორე კანონი, მისი დასკვნები ყველა შემთხვევაში შემაშფოთებელია: კანონი გულისხმობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს – ელიტურ წრეში გადაინაცვლებთ თუ პოლინეზიელ კაციჭამიებს შეაფარებთ თავს, მონასტერში ჩაიკეტებით თუ გადაწყვეტთ, დარჩენილი ცხოვრება ლამაზი და ავხორცი ქალების გარემოცვაში გაატაროთ, მაინც მოგიწევთ, საქმე იქონიოთ სულელი ადამიანების იმავე პროცენტულ რაოდენობასთან – რომელიც (პირველი კანონის თანახმად) ყოველთვის გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს.
მესამე (ოქროს) ძირითადი კანონი
მესამე ძირითადი კანონი, თუმცა გადაჭრით არ აცხადებს, მაგრამ გულისხმობს, რომ ადამიანები იყოფიან ოთხ ძირითად კატეგორიად: უსუსურები, ჭკვიანები, ბანდიტები  და სულელები. გამჭრიახი მკითხველი მარტივად ამოიცნობს, რომ ეს ოთხი კატეგორია შეესაბამება ქვემოთ მოტანილ სურათზე წარმოდგენილ ოთხ სურათს H, I, B, S (იხილეთ ქვემოთ).
3

თუ ტომი საკუთარი ქმედების შედეგად ზარალობს და დიკისთვის მოაქვს სარგებელი, ტომი H კატეგორიაში ხვდება: ის უსუსურად მოიქცა. თუ ტომი საკუთარი ქმედებით თავის თავსაც და დიკსაც მოუტანს სარგებელს, ტომი I კატეგორიაში მოხვდება: ის ჭკვიანურად მოიქცა. თუ ტომის ქმედება მას სარგებელს მოუტანს, ხოლო დიკს დააზარალებს, ტომი B კატეგორიაში მოხვდება: ის ბანდიტივით მოიქცა. სისულელე S მეოთხედს უკავშირდება ასევე Y წრფის ყველა იმ მდებარეობას, რომელიც O წერტილის ქვემოთ მდებარეობს.ვინაიდან მესამე ძირითადი კანონი მკაფიოდ განმარტავს, რომ:

სულელია ადამიანი, რომელსაც სხვა  ადამიანებისათვის ან ადამიანების ჯგუფისთვის ზიანი მოაქვს, თავად კი ამის შედეგად არანაირ მოგებას არ იღებს და, შესაძლოა, თავადაც ზარალობს.

როდესაც რაციონალური პიროვნება პირველად ეცნობა მესამე კანონს, ის ინსტინქტურად სკეპტიკურად და ეჭვით ეკიდება მას. საქმე ის არის, რომ გონიერ ადამიანებს უჭირთ უაზრო ქცევის გაგება. მაგრამ მოდით, დავივიწყოთ მაღალი თეორია და პრაგმატულად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას. ყოველი ჩვენთაგანი შევძლებთ გავიხსენოთ შემთხვევა, როცა სხვა ადამიანის ქმედება ჩვენ გვაზარალებს და მისთვის სარგებელი მოაქვს: ესე იგი საქმე გვქონდა ბანდიტთან. ასევე გავიხსენებთ შემთხვევას, როცა ადამიანმა საკუთარი საქციელით ჩვენ მოგვიტანა სარგებელი, თვითონ კი იზარალა: აქ საქმე გვქონდა უსუსურ ადამიანთან. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, როცა ადამიანის ქმედებამ ორივე მხარეს მოუტანა სარგებელი: ის იყო ჭკვიანი. ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, ვაწყდებით. თუმცა, ღრმად თუ ჩაუფიქრდებით, იძულებული იქნებით, აღიაროთ, რომ ეს შემთხვევები, არც თუ ისე ხშირია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველდღიურობაში უმეტესად ხდება, რომ ფულს და/ან დროს და/ან ენერგიას და/ან მადას, ხალისსა და ჯანმრთელობას ვკარგავთ რომელიღაც უაზრო არსების მოულოდნელი ქმედების გამო, რომელიც თავადაც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებს იმით რომ გვაზარალებს, სირთულეებს და უხერხულობას გვიქმნის. არავინ იცის, ვერავინ გაიგებს და ვერავინ ახსნის, თუ რატომ მოქმედებს ის უაზრო არსება ამგვარად. მართლაც, ახსნა არ მოიძებნება – ან, უკეთეს შემთხვევაში, მოიძებნება მხოლოდ ერთი ახსნა –საქმე გვაქვს სულელ ადამიანთან.
სიხშირული განაწილება
ადამიანთა უმეტესობა არათანმიმდევრულად მოქმედებს. გარკვეულ ვითარებაში მოცემული ადამიანი თუ ჭკვიანურად მოქმედებს, სხვა ვითარებაში იგივე ადამიანი შეიძლება უსუსურად მოიქცეს. ამ წესის ერთადერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისს შეადგენს სულელი ადამიანები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ტკიცე მიდრეკილებას თანმიმდევრულობას ავლენენ ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში.
თუმცა ზემოხსენებულიდან არ გამომდინარეობს, რომ საერთო დიაგრამაზე მხოლოდ სულელი ადამიანების ასახვა შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანისთვის გამოვთვალოთ მისი საშუალო შეწონილი მდებარეობა ნახ.1 სიბრტყეზე, არათანმიმდევრულობის ხარისხისგან დამოუკიდებლად. უსუსური ადამიანი შეიძლება დროდადრო ჭკვიანურად და გარკვეულ შემთხვევებში ბანდიტის მსგავსადაც იქცეოდეს. მაგრამ ვინაიდან ეს კონკრეტული ადამიანი, არსებითად მაინც უსუსურია, მისი ქცევების უმეტესი ნაწილი უსუსურ ხასიათს ატარებს.
ამგვარად, მისი ყველა ქმედების საერთო საშუალო შეწონილი პოზიციის გამო ის საერთო დიაგრამის H კვადრატში მოთავსდება. ის ფაქტი, რომ დიაგრამაზე, მათი ქმედებების მაგივრად, ადამიანების აღნიშვნაა შესაძლებელი, საშუალებას გვაძლევს, გარკვეული გადახვევა გავაკეთოთ ბანდიტებისა და სულელების მიმართებით.
ჭეშმარიტი ბანდიტი არის ის, ვინც საკუთარი ქმედებით სხვისადმი მიყენებული ზიანის პროპორციულ მოგებას ნახულობს. ბანდიტობის ყველაზე უხეში სახეობა ქურდობაა. ადამიანი, ვინც 100 გირვანქა სტერლინგს გპარავთ, თუმცა დამატებით ზიანს არ გაყენებთ, ნამდვილი ბანდიტია: თქვენ კარგავთ 100 გირვანქას, ის იგებს 100 გირვანქას. ძირითად დიაგრამაზე სრულყოფილი ბანდიტი 45 გრადუსიან დიაგონალზე განთავსდებოდა, რომელიც B კვადრატს ორ სიმეტრიულ ქვეზონად ყოფს (OM წრფე, გამოსახულება 2).
omთუმცა ნამდვილი (ან იდეალური) ბანდიტების რაოდენობა შედარებით მცირეა. OM ხაზი B სივრცეს B1, და B2 ზონებად ყოფს, და ჯერჯერობით ბანდიტების უმეტესობა რომელიმე ამ ორ ქვეზონაში ხვდება.
ბანდიტები, რომლებიც B1 ზონაში ხვდებიან, არიან ის ადამიანები, რომელთა ქმედებას მათთვის უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე ის ზარალია, რაც სხვა ადამიანებს მიაყენებენ. ყველა ბანდიტი, რომელიც B1 ქვეზონაში ხვდება, წარმოადგენს ბანდიტის ისეთ ტიპს, რომელსაც გონივრულობის ნიშნები ახასიათებს და, რაც უფრო უახლოვდება X ღერძს, ჭკვიანი ადამიანის მით უფრო მეტ თვისებას იძენს.
სამწუხაროდ, B1 ზონაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა არც ისე დიდია. სინამდვილეში, ბანდიტთა უმეტესობა B2 ზონაში ექცევა. ამ ზონაში ხვდებიან ისინი, ვინც თავისი ქმედებით უფრო ნაკლებ სარგებელს იღებს, ვიდრე ის ზიანია, რომელსაც სხვა ადამიანებს აყენებს. თუ ვიღაც გკლავთ იმის გამო, რომ ორმოცდაათი ფუნტი მოგპაროთ, ან გკლავთ, რომ თქვენს მეუღლესთან მონტე-კარლოში გაატაროს შაბათ-კვირა, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის არ არის ნამდვილი ბანდიტი. მაშინაც კი, თუ მისივე ფასეულობებით გავზომავთ მის მოგებას (მაგრამ საკუთარი ფასეულობებით გავზომავთ თქვენს დანაკარგს), ის უთუოდ B2 ზონაში მოხვდება, ანუ ძალიან ახლოს აშკარა სისულელის ზღვართან. იმავე ზონაში ექცევიან გენერლები, რომლებიც, თავიანთი დაწინაურების ან მედლის მოპოვების მიზნით, დიდ ნგრევასა და უზომო მსხვერპლს იწვევენ .
სულელი ადამიანების სიხშირული განაწილება ბანდიტებისგან სრულიად განსხვავდება. მაშინ, როდესაც ბანდიტები უმეტესად გაფანტულნი არიან სიბრტყეზე, სულელი ადამიანები მჭიდროდ არიან კონცენტრირებულნი ერთი ხაზის გასწვრივ, კერძოდ, Y ღერძზე O წერტილის ქვემოთ. ამის მიზეზია ის, რომ სულელი ადამიანების გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა არსებითად და უდრეკად სულელია – ანუ ისინი ჯიუტად ცდილობენ სხვისთვის ზიანის ან დანაკარგის მიყენებას, თავისთვის ყოველგვარი მოგების გარეშე, პოზიტიური იქნება ის თუ ნეგატიური. თუმცა არიან ადამიანები, ვინც თავიანთი არასწორი  იმედებით არა მხოლოდ სხვას აყენებს ზიანს, არამედ საკუთარ თავსაც ვნებს. ისინი გარკვეული სუპერსულელების სახეობას მიეკუთვნებიან. ჩვენი აღრიცხვის სისტემაში ისინი S ზონაში, სადღაც Y ღერძის მარცხნივ, განლაგდებიან.
სისულელის ძალა
რთული მისახვედრი არ არის, თუ როგორ ზრდის სულელი ადამიანის საზიანო პოტენციალს სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციური ძალაუფლება. თუმცა მაინც აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ რა ხდის სულელ ადამიანს  საზოგადოებისათვის საშიშს – ანუ რა წარმოადგენს სისულელის ძალას. სულელი ადამიანები საშიშნი და ზიანის მომტანნი არიან იმიტომ, რომ გონიერ  ადამიანებს უჭირთ წარმოიდგინონ და გაიგონ მათი ალოგიკური ქმედება. ჭკვიანი ადამიანისთვის გასაგებია ბანდიტის ლოგიკა. ბანდიტის ქმედებები რაციონალურია: თუნდაც  მსგავსად, მაგრამ მაინც რაციონალური. ბანდიტს რაღაცის მოპოვება სურს. იმის გამო, რომ ის საკმარისად ჭკვიანი არ არის საიმისოდ, რომ თავისი სასურველი საგნის მოპოვების გზები მოისაზროს და თქვენც მოგცეთ რაღაცის მოპოვების შესაძლებლობა, ის ამას თქვენს ხარჯზე მოიპოვებს. ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ მაინც რაციონალურია და თუ თქვენც რაციონალურად აზროვნებთ, შეძლებთ განჭვრიტოთ ეს მოვლენები. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გათვალოთ ბანდიტის ქმედებები, მისი უმსგავსი მანევრები და ბოროტი ზრახვები, და ხშირად მოახერხოთ კიდეც თავის დაცვა.
სულელი ადამიანის შემთხვევაში ყველაფერი ეს აბსოლუტურად შეუძლებელია,  როგორც ეს მესამე კანონშია ახსნილი. სულელი უმიზეზოდ, სარგებლის მიუღებლად, შეგავიწროვებთ, ყველანაირი გეგმისა და სქემის გარეშე და ყველაზე შეუსაბამო დროსა და ადგილას. თქვენ არ გაგაჩნიათ რაციონალური საფუძველი იმისა, რომ განსაზღვროთ, თავს დაგესხმით თუ არა სულელი ადამიანი, თანაც როდის, სად ანდა რატომ. როდესაც სულელ ადამიანთან გაქვთ საქმე, თქვენ მთლიანად მასზე ხართ დამოკიდებული. ვინაიდან სულელი ადამიანის ქმედებები რაციონალურ წესებს არ მისდევს, აქედან გამომდინარეობს რომ:
ა) თავდასხმა უმეტესად მოულოდნელ ხასიათს ატარებს; ბ) მაშინაც კი, როცა თავდასხმის შესახებ წინასწარაა ცნობილი, შეუძლებელია რაციონალური თავდაცვის ორგანიზება, იმიტომ, რომ თვითონ თავდასხმას არ გააჩნია არანაირი რაციონალური სტრუქტურა.ზ
ის ფაქტი,რომ სულელი არსების ქმედება აბსოლუტურად ახირებული და არარაციონალურია, არა მხოლოდ თავდაცვას ხდის პრობლემურს, არამედ ასევე ართულებს კონტრშეტევის მოწყობას – მსგავსად მცდელობისა, ესროლო ობიექტს, რომელსაც სრულიად დაუჯერებელი და მოულოდნელი მოძრაობების გაკეთება შეუძლია. ზუსტად ამას  გულისხმობდნენ დიკენსი და შილერი, როცა პირველმა განაცხადა, რომ `სისულელითა და საკვების მონელების კარგი უნარით ადამიანი შეიძლება ბევრ რამეს დაუპირისპირდეს; ხოლო უკანასკნელმა დაწერა, რომ `სისულელის წინააღმდეგ თვით ღმერთის ბრძოლაც ამაოა.
მეოთხე ძირითადი კანონი
არც ისე გასაკვირია, რომ უსუსურ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ჩვენი აღრიცხვის სისტემაში H კვადრატში ექცევა, ჩვეულებრივ არ ძალუძთ ამოიცნონ, თუ რაოდენ საშიშია სულელი ადამიანი. ეს წარუმატებლობა სხვა არაფერია, თუ არა მათი უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება. გასაოცარი კი ის არის, რომ ვერც ჭკვიანი ადამიანები და ვერც ბანდიტები ახერხებენ სისულელის დამაზიანებელი ძალის ამოცნობას. ძალიან რთული ასახსნელია, თუ რატომ ხდება ასე. მხოლოდ ის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ხშირად სულელ ადამიანთან შეხვედრისას ჭკვიანი ადამიანები, ისევე, როგორც ბანდიტები, შეცდომას უშვებენ და ნაცვლად იმისა, რომ ადრენალინის  ადეკვატური რაოდენობა გამოყონ და სასწრაფოდ თავდაცვა შეიმუშაონ, თვითკმაყოფილებასა და ამპარტავნებას ეძლევიან. ადამიანი მიდრეკილია იფიქროს, რომ სულელი ადამიანი მხოლოდ თავის თავს აყენებს ზიანს, თუმცა ეს სისულელისა და უსუსურობის ერთმანეთში აღრევაა. გარკვეულ შემთხევებში ადამიანს აცდუნებს სურვილი _ საკუთარი თავი გააიგივოს სულელ ადამიანთან, რათა შემდგომ მისი ქმედებები გათვალოს და საკუთარი გეგმებისთვის გამოიყენოს. ასეთ მანევრს მხოლოდ კატასტროფული შედეგის მოტანა შეუძლია, ვინაიდან: ა) იგი ეფუძნება სისულელის თავდაპირველი არსის არასწორ აღქმას და ბ) იგი სულელ ადამიანს უფრო დიდ არეალს აძლევს მისი შესაძლებლობების გამოსავლენად. შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ სულელს ჭკუით მოვუგებთ, და გარკვეულ მომენტამდე ამის მიღწევა მართლაც შეიძლება.
მაგრამ სულელი ადამიანის არათანმიმდევრულობის გამო შეუძლებელია განვჭვრიტოთ მისი ყველა ქმედება და რეაქცია. დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ სულელი პარტნიორის არაპროგნოზირებადი სვლების შედეგად თქვენც განადგურდეთ.
ეს ყველაფერი ნათლად არის შეჯამებული მეოთხე კანონში, რომლის თანახმადაც:

გონიერი ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ სულელთა ზიანის მომტან ძალას. კერძოდ კი, გონიერ ადამიანებს მუდმივად ავიწყდებათ, რომ ყოველთვის და ყველგან და ნებისმიერ ვითარებაში სულელ ადამიანებთან საქმის დაჭერა და/ან ურთიერთობა შეცდომაა, რომელიც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ.

საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად
ცხოვრებაში, უამრავმა ადამიანმა ვერ გაითვალისწინა მეოთხე კანონი და ამ შეცდომამ
კაცობრიობას ურიცხვი დანაკარგი მოუტანა.
მეხუთე ძირითადი კანონი
იმის ნაცვლად, რომ ცალკეული ადამიანების კეთილდღეობა განვიხილოთ, მოდით, დავაკვირდეთ საზოგადოების კეთილდღეობას, რომელსაც ამ კონტექსტში განვიხილავთ როგორც ინდივიდუმთა ვითარებების ალგებრულ ჯამს. ანალიზისათვის აუცილებელია მეხუთე კანონის სრულყოფილად გაგება და ჩართვის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ხუთი კანონიდან  მეხუთე ყველაზე ფართოდ ცნობილია და მისი დასკვნები ხშირად არის ციტირებული. მეხუთე კანონი გულისხმობს, რომ:

სულელი ადამიანი ყველაზე საშიში ტიპის ადამიანია.

კანონიდან გამომდინარეობს დასკვნა:

სულელი ადამიანი ბანდიტზე უფრო საშიშია.

ნამდვილი ბანდიტის (ადამიანის, რომელიც მეორე კვადრატის OM ხაზზე ხვდება) ქმედების შედეგი სიმდიდრის და/ან კეთილდღეობის მეპატრონის შეცვლაა. თავისი ქმედების შემდეგ ნამდვილი ბანდიტი მოიპოვებს სასურველ საგანს, რომლის ფასეულობა ზუსტად უტოლდება იმის ღირებულებას, რაც მან სხვა ადამიანს წაართვა. ასეთი ქმედებით საზოგადოების მდგომარეობა არც უმჯობესდება და არც უარესდება. საზოგადოების ყველა წევრი ნამდვილი ბანდიტი რომ იყოს, საზოგადოების ჯამური ფასეულობის სიდიდეა უცვლელი დარჩება, მაგრამ დიდი კატასტროფები არ მოხდება. მთელი საქმიანობა იქნება სიმდიდრისა და კეთილდღეობის მასობრივი გადაცემა იმათ სასარგებლოდ, ვინც უფრო აქტიურად იმოქმედებს. თუკი ასეთი საზოგადოების ყველა წევრი რეგულარულად რიგრიგობით იმოქმედებს, მაშინ არა მხოლოდ მთლიანად საზოგადოება, არამედ ცალკეული პირებიც აღმოჩნდებიან სრულიად მყარ სტაბილურ ვითარებაშია.

როდესაც სულელი ადამიანები მოქმედებენ, სურათი სრულიად განსხვავებულია. სულელ ადამიანებს სხვებისთვის ზარალი მოაქვთ ისე, რომ თავად მოგებას ვერ ნახულობენ. ამიტომ საზოგადოება მთლიანობაში ღარიბდება. მარტივი დიაგრამით გამოხატული აღრიცხვის სისტემა გვიჩვენებს, რომ POM (იხ. ნახატი 3) ხაზის მარჯვნივ გამოსახული პირების ყველა ქმედება (სხვადასხვა ხარისხით) ზრდის საზოგადოების კეთილდღეობას, ხოლო POM ხაზის მარცხნივ გამოსახული ყველა პირის ქმედება გაუარესებას იწვევს.

4სხვა სიტყვებით რომ ვთქვთ, უსუსურებს(H1ზონა), გონივრულობის ნიშნების მატარებელ ბანდიტებს (B1 ზონა) და პირველ რიგში ყველა ჭკვიან ადამიანს (I ზონა) ერთად შეაქვთ წვლილი, სხვადასხვა ხარისხით, საზოგადოებისკეთილდღეობის ზრდაში. მეორე მხრივ, ბანდიტები სისულელის ნიშნებით (B2 ზონა) და ამავე ნიშნების მატარებელი უსუსურები (H2 ზონა) სულელი ადამიანების ქმედებით გამოწვეული დანაკარგის გაზრდას ახერხებენ და ასეთი გზით ამ უკანასკნელი ჯგუფის საშინელ დამანგრეველ ძალას კიდევ უფრო ზრდიან. ყოველივე ეს გვიბიძგებს, რომ თვალი გადავავლოთ საზოგადოებებში არსებულ მდგომარეობას. მეორე ძირითადი კანონის მიხედვით, სულელი ადამიანების წილი არის მუდმივი σ, რომელზეც არ მოქმედებს დრო, სივრცე, რასა, კლასი ან ნებისმიერი სხვა სოციალურ-კულტურული ან ისტორიული

მაჩვენებელი. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სულელი ადამიანების რიცხვი უარესობისკენ მიმავალ საზოგადოებაში უფრო მაღალია, ვიდრე განვითადებად საზოგადოებაში. ორივე ტიპის საზოგადოებას სენივით აქვს შეყრილი ერთი და იგივე სულელი ადამიანების წილი. ამ ორ საზოგადოებას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში, რომელიც ცუდად ვითარდება: ა) საზოგადოების სულელი წევრების აქტიურობა და მოქმედება უფრო მეტად არის დაშვებული სხვა წევრების მიერ; ბ) გონიერი ნაწილის შემადგენლობაში ვხვდებით ცვლილებას, I, H1 და B1 ზონებში შედარებითი შემცირებით და პროპორციული ზრდით H2 და B2 ზონებში.
ეს თეორიული ვარაუდი მტკიცდება მრავალი ისტორიული შემთხვევის ამომწურავი ანალიზით. მართლაც, ისტორიული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, თეორიულ დასკვნები უფრო ფაქტობრივი გზით და მეტი რეალისტური დეტალებით ჩამოვაყალიბოთ.
განვიხილავთ რა კლასიკურ, შუა საუკუნეების, მოდერნისტულ თუ თანამედროვე ეპოქებს, გაოგნებულნი ვრჩებით იმ ფაქტით, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აღმავლობის გზას ადგას, სულელი ადამიანების გარდაუვალი σ წილი ახასიათებს. თუმცა ქვეყანა, რომელიც წინ მიიწევს, ასევე ხასიათდება უშუალოდ იმ გონიერი ადამიანების მაღალი პროცენტულობით, რომლებიც ახერხებენ გაემიჯნონ σ წილს და ამავდროულად საკმარისი სარგებელი მოიპოვონ საკუთარი თავისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის, რათა პროგრესი უცილობელი და მტკიცე იყოს.
ქვეყანაში, რომელიც გაუარესებისკენ მიდის, სულელი ადამიანების წილი ასევე σ –ს ტოლია; თუმცა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში შეინიშნება, რომ ძალაუფლების მქონე პირების რიგს ემატება შემაშფოთებელი რაოდენობა ბანდიტებისა, რომლებიც სისულელისკენ არიან მიდრეკილნი (ქვეზონა B2 კვადრატი B გამოსახულება 3), ხოლო ძალაუფლების არმქონე მოსახლეობაში უსუსურ პირთა ამგვარივე შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება (H ზონა ზოგად გრაფაში, სურათი). ასეთი ცვლილება გონიერ მოსახლეობაში აუცილებლად გააძლიერებს σ წილის დამანგრეველ ძალას, დაღმა სვლა გარდაუვალი ხდება და ქვეყანა იღუპება.
კარლო მ. ჩიპოლლა, ბერკლის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. გარდაიცვალა 2000 წელს.
გამომგზავნი: თუთანა კვარაცხელია; www.weg.ge;
ქართულ ენაზე თარგმნა: ელენე მარგველაშვილმა;
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply